მწერალი ლაშა ბუღაძე მეტრონომთან საუბრისას რუსთაველის თეატრის მიერ რუსეთში დაგეგმილ საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეროვნული თეატრი პუტინის მიერ კურთხეულ ფესტივალზე არ უნდა იღებდეს მონაწილეობას.
ბუღაძის თქმით, რუსთაველის თეატრს ეროვნული სტატუსი აქვს და მის მიმართ ყოველთვის არის პრეტენზია, რომ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებში ძალიან მკაფიო იყოს.
“ვფიქრობ, თეატრის მიმართ ყოველთვის არის განსაკუთრებული პრეტენზია და მოლოდინი, რომ ის იყოს ძალიან მკაფიო თავის სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებში. მით უმეტეს, რომ რუსთაველის თეატრს ეროვნული თეატრის სტატუსი აქვს. იმ ფესტივალზე მონაწილეობა, რომელიც დაკავშირებულია პუტინის რეჟიმთან ბიუჯეტით უპირველეს ყოვლისა, მინიმუმ საქართველოს მიმართ ძალიან არაადეკვატურია ჟესტია, რომელიც ამ თეატრის მხრიდან არის გამოხატული. არსებობს სხვადასხვა პლატფორმები რუსეთში, რომელიც არ არის სახელმწიფო, რომელიც პუტინთანაა დაპირისპირებული და იქ კიდევ შეიძლება, გარკვეულწილად დაშვება იყოს, რომ რაღაც პლატფორმაზე წავიდეს რომელიმე ხელოვანი, მაგრამ საბოლოოდ, ესეც არ მესმის. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ცალსახაა, რომ ეროვნული თეატრი პუტინის მიერ კურთხეულ ფესტივალზე არ უნდა იღებდეს მონაწილეობას”, – ამბობს ბუღაძე.
მისი თქმით, ლაპარაკი იმის შესახებ, რომ პოლიტიკა და კულტურა სხვადასხვაა, სისულელე და ტყუილია, რომელიც ძალიან უყვართ ავტოკრატებს.
“ასე თქმა, რომ კულტურის წარმომადგენლებს პოლიტიკაში არაფერი ესაქმებათ, ეს არის სიცრუე. თეატრი ყოველთვის იყო პოლიტიკური, რუსთაველის თეატრიც ყოველთვის პოლიტიკური იყო და ყოველთვის რეაგირებდა პოლიტიკურ თემებზე. თუმცა, დღევანდელი სამხატვრო ხელმძღვანელის განცხადებებიდან გამომდინარე, ზოგადად, არ მიკვირს, რომ ის ბუნებრივად გრძნობს თავს მოსკოვის კონტექსტში”, – აცხადებს ბუღაძე.
რუსთაველის თეატრის დასი რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით რუსეთში, ანტონ ჩეხოვის სახელობის ფესტივალში აპირებს მონაწილეობას და იქ რუსი მაყურებლის წინაშე გამართავს სპექტაკლს.
რუსთაველის თეატრის მიერ რუსეთში გასამართ ფესტივალზე მონაწილეობის გამართვას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. რის შემდეგაც თეატრმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, თუ რამდენი ხანია, ეს ფესტივალი ტარდება და ვინ იღებს მასში მონაწილეობას.
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ის არ ერევა თეატრების საქმიანობაში.
მეტრონომთან საუბრისას ქართული ოცნების წევრი ქეთევან დუმბაძე ამბობს, რომ თეატრი თავად წყვეტს სად წავიდეს და სად არა: “მე მიმაჩნია, რომ ფესტივალები ის ადგილია, სადაც საქართველომ თავის კულტურა უნდა ჩაიტანოს და რატომ არა ოკუპანტ ქვეყანაში, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ამ ადამიანებს, რა კულტურა გვაქვს ჩვენ და რა ქვეყანას ებრძვიან და ეჭიდავებიან საუკუნეებია”, – აღნიშნა დუმბაძემ.
მსახიობმა კახა გოგიძემ კი განაცხადა, რომ პოლიტიკა და ხელოვნება კავშირშია და რუსთაველის თეატრის მიერ დაგეგმილი გასტროლი მართებულად არ მიაჩნია.
მოძრაობა დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ ყოველთვის იყვნენ ადამიანები, ვისაც რუსეთში ტაში და ფული ერჩია. ამის შესახებ ხოშტარიამ ფორმულას ეთერში ისაუბრა.
სტურუა დაიცვეს რუსთაველის თეატრის მსახიობმა გოგა ბარბაქაძემ. მისი თქმით, რობერტ სტურია მოსკოვში იმ ადამიანებთან მიდის ვინც საქართველოდან ჯარის გასვლას ხელი მოაწერა.