მოძრაობის რიონის ხეობის გადარჩენისთვის დამფუძნებელი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები კომპანია ენკას ხეობაში სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.
გოლეთიანის თქმით, საპროტესტო აქციის მონაწილეები სამშენებლო არეალთან მიახლოებას ცდილობენ.
“ჩვენი მიზანია, რომ კომპანიამ ვერ შეძლოს სამუშაოების გაგრძელება. ამ წუთში, მუშები გაყვანილი არიან ხეობიდან და ამიტომ, უნდა დავიცვათ ხეობა, რომ არ შემობრუნდნენ უკან. ჩვენ არ ვიცით ზუსტად, რა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს იმიტომ, რომ ვერ შევდივართ. ვცდილობთ, რომ მივუახლოვდეთ იმ არიალს. აუცილებლად, ამ მიმართულებითაც რაღაც ნაბიჯებს გადავდგამთ, რომ ახლოს მივიდეთ”, – უთხრა გოლეთიანმა დღეს რუსთავი 2-ს.
მოგვიანებით კი, მანვე, ფეისბუქ-ლაივის დროს განაცხადა, რომ ხეობაში შესასვლელი ყველა გზა გადაკეტილია.
“ყველა შესაძლო გზა, რომლის გავლითაც კომპანია შეიძლება აღმოჩნდეს ხეობაში, არის გადაკეტილი”, – აღნიშნა გოლეთიანმა.
შეგახსენებთ, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი სოფელ გუმათში რამდენიმე დღის წინ განახლდა. მანამდე კი, საპროტესტო აქცია-მსვლელობები თბილისში იმართებოდა.
პროტესტი ნამოხვანჰესის წინააღმდეგ
ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, სოფელ ნამოხვანში კარვები იყო გაშლილი. ნამახვანი ჰესის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობს მდინარე რიონზე. მისი ღირებულება 800 მილიონ აშშ დოლარზე მეტია, თუმცა ქვეყანაში აქედან 527 მლნ იხარჯება და აშენებს კომპანია ენკა რინიუებლზ მისი წილების 90%-ზე მეტს თურქული კომპანია ენკა ფლობს, 10%-ს კი ნორვეგიული კომპანია.
პროტესტი
2021 წლის 3 აპრილს კომპანიაში ახალდანიშნული დირექტორი მერაბ ლომინაძე ხეობაში საპოლიციო ძალის ფონზე ჩავიდა და თქვა, რომ კომპანიას უნდა გაეგრძელებინა მოსამზადებელი სამუშაოები. სწორედ ამ განცხადების შემდგომ დაიწყეს გამოსლვლები კარვებში მყოფმა პროტესტანტებმა.
11 აპრილს პოლიციამ ნამოხვანში აქტივისტებს კარვები დაუშალა, მიზეზად კი, უაფრთხოება დაასახელა. იქ მყოფი პროტესტანტები ამბობდნენ, რომ პოლიციამ კარვებში ალკოჰოლი შეიტანა. აქტივისტები ამას პროტესტის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ და ალკოტესტის ჩატარებას ითხოვენ, რათა დადასტურდეს, რომ სასმელს თავად არ მოიხმარდნენ. სწორედ კარვების აღების შემდეგ პოლიციამ ნამახვანისკენ გზა ჩაკეტა.
მეორე დღეს გუმათჰესთან, — რომელიც სოფელი ნამოხვანიდან, დაახლოებით, 18 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, – პროტესტანტებს აღმართული დახვდათ საპოლიციო ბლოკპოსტი, რასაც მოსახლეობა, ასევე, პროტესტით შეხვდა. 14 აპრილს პოლიციამ უკვე რკინის ბარიკადები აღმართა გუმათჰესთან.
აღსანიშნავია ისიც, რომ კარვების აშლის შემდეგ დილას, 12 აპრილს, — როდესაც აქციამ გუმათჰესთან გადაინაცვლა და ნამოხვანში დემონსტრანტები არ იყვნენ, — საბანაკე ადგილი კომპანიის ტრაქტორებმა გადახნეს.
ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა 14 აპრილს ქუთაისში მორიგი მასშტაბური დემონსტრაცია გამართეს, ღამე კი, პროტესტის ნიშნად ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაათიეს.
მოლაპარაკება მთავრობასთან
ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეები და მთავრობის წარმომადგენლებს 16 აპრილს შეხვდნენ, შეხვედრა თითქმის ოთხს საათს გაგრძელდა. ეს შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით დაიგეგმა. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, აქტივისტებს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და ორი გუბერნატორი — ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე ხვდებიან. დიალოგში, ასევე, მონაწილეობენ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები — სოზარ სუბარი, გივი ჭიჭინაძე, ზაზა ლომინაძე, ბეჟან წაქაძე, გოჩა ენუქიძე, დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი.
გამართული არაერთი შეხვედრის შემდეგ, მოძრაობამ – რიონის ხეობის გადარჩენისთვის საქართველოს მასშტაბით ყველა დიდ ქალაქში საპროტესტო აქციები გამართა, ფინალური აქცია კი, დედაქალაქში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.