რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, უძრავი ქონების დაყადაღება ტელეკომპანიის ფუნქციონირებას ხელს არ უშლის.
როგორც მეტრონომს პაატა სალიამ უთხრა ყადაღა ქონებაზე დავის დასრულებამდე დარჩება.
სალიას აქვს მოლოდინი, რომ დავა მათ სასარგებლოდ გადაწყდება.
“ჯერჯერობით განჩინება ჩვენ არ ჩაგვბარებია. მოთხოვილი ჰქონდათ მათ უზრუნველყოფის ღონისძიებები, ქონების დაყადაღება. ალბათ, ასეც მოხდა. ეს ქონება – საუბარია უძრავ ქონებაზე – მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზეც, სადაც ფუნქციონირებს რუსთავი 2. ეს ქონება წელიწადნახევარია დაყადაღებულია, რომელიც წინა მენეჯმენტის მიერ დაგროვილი ვალების დაბრუნების მიზნით მიმდინარეობს.
გარკვეულწილად, ხელი გვეშლება, თუმცა, ეს არ უშლის ხელს ფუნქციონირებას ტელეკომპანიის… დავის დასრულებამდე, ყადაღა ედება ქონებას, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ დავის დასრულების მოლოდინი გვაქვს ჩვენს სასარგებლოდ”, – განაცხადა სალიამ.
მისივე თქმით, მოწინააღმდეგე მხარის ბრალდებები, რომ რუსთავი 2 ქონებას მალავდა, აბსურდული აღმოჩნდა.
“კიდევ ერთხელ დადასტურდა ის აბსურდული ბრალდებები, რომელიც რამდენიმე დღის წინ, პრესკონფერენციაზე გაჟღერდა, თითქოს გადაიმალა ქონებები, თითქოს თაღლითური სქემები გავაკეთეთ. საკმაოდ შეურაცხმყოფელი იყო ეს ყველაფერი. მათივე განცხადებით გამოირიხცა ყველაფერი. არც არაფერი გადამალულა. რომ არ ყოფილიყო რუსთავი 2-ის სახელზე, ყადაღას ხომ ვერ დაადებდნენ. ამდენად, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ არაკოლეგიალური განცხადებები გააკეთეს ადვოკატებმა”, – უთხრა მეტრონომს პაატა სალიამ.
ტელეკომპანიის დამფუძნებლების – დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატმა, კახა კოჟორიძემ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსთავი 2-ის უძრავი ქონებას ყადაღა დაედო. კოჟორიძის ინფორმაციით, ითხოვდნენ მოძრავი ქონების დაყადაღებასაც, თუმცა, სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.