ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე მელიაზე: არ არის კაცური საქციელი გირაოთი გამოსვლა, ხოლო მისგან გაბრიყვებულების ციხეში შესვლა

“ამნისტიის ალტერნატივა გირაო არ არის”, – აღნიშნული განცხადება ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

კობახიძის თქმით, გირაოს გადახდის შემდეგ, თუ ნიკა მელიას მიმართ გამატყუნებელი განაჩენი დადგება, ოპოზიციური პარტიის ლიდერი საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნდება.

“გირაო რომც მიიღოს მელიამ, ის გამოვა პატიმრობიდან, მაგრამ თუ დადგება მის მიმართ გამატყუნებელი განაჩენი, შებრუნდება ციხეში. ამნისტიის ალტერნატივა გირაო არ არის. როდესაც მელია ამბობს იმას, რომ ის მზად არის გირაო აღიაროს, გამოვიდეს, ოღონდ ამნისტია არ იყოს მიღებული, ეს თავისთავად კარგია უკვე, რადგან არის უკანდახევა, ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ მას მინდა ვუთხრა, ეს არ არის კაცური საქციელი, როდესაც ის ამბობს, რომ გირაოს გადაიხდის და გამოვა, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც მისგან იყვნენ გაბრიყვებულები და პარლამენტს უტევდნენ, უნდა შევიდნენ ციხეში, ეს არ არის კაცური საქციელი, მან კაცურად უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც არის გაწერილი, მათ შორის, შეთანხმებაში”, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ,  ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას ახალი დოკუმენტი შესთავაზა.

დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია, 19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

დოკუმენტის თანახმად, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს აიღებს, მმართველი გუნდი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ვალდებულებას იღებს. დოკუმენტში საუბარია ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზეც.

შეთანხმების შემდეგ, გაირკვა, რომ რურუას შეწყალება 27 აპრილს მოხდება.

რაც შეეხება ნიკა მელიას, მან საპატიმრო დაწესებულება გირაოს ან ამნისტიის აქტით უნდა დატოვოს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გუშინ, 26 აპრილს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საგანგებო განცხადება გაავრცელა.

მელია განცხადებაში ოპოზიციას და ქართულ ოცნებას მიმართავს და პარლამენტიდან ამნისტიის კანონპროექტის გაწვევას სთხოვს.

ოპოზიციური პარტიის ლიდერის თქმით, ასეთ შემთხვევაში, ის ევროკავშირის მიერ შეთავაზებული გირაოს სანაცვლოდ, საპატიმროს დატოვებაზე დათანხმდება.

 

იტვირთბა....