საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება და სპეციალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს.
სააკაშვილი ასახელებს რამდენიმე ნაბიჯს, რომელთა განხორციელების შემთხვევაშიც, მისი აზრით, ქვეყანაში ვითარების ნორმალიზება მოხდება.
“იმისთვის, რომ მოხდეს განტვირთვა პოლიტიკური კრიზისის, საჭიროა, სრული ნორმალიზაცია პოლიტიკური ურთიერთობების. ამისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნიკა მელია დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული ყოველგვარი დამამცირებელი პირობების გარეშე და იმ მოთხოვნებით, რომლებიც მან წამოაყენა… მეორე – უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა უამრავი ადამიანის მიმართ…
მესამე – მე უნდა მომეცეს საშუალება, თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემ ქვეყანაში და მქონდეს ურთიერთობა მხარდამჭრებთან, ამომრჩეველთან და ქართულ საზოგადოებასთან. მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა იყოს, მე ყველა შემთხვევაში ჩამოვალ საქართველოში და ყველა შემთხვევაში დავუდგები ქართველ ხალხს გვერდზე”, – აცხადებს სააკაშვილი.
ყოფილი პრეზიდენტი ასევე მოუწოდებს ყველა პარტიას, რომ დადგნენ ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა.
“ნუ ჩათვლით, რომ სააკაშვილი თუ ვერ შემოდის ქვეყანაში, ეს გიადვილებთ სიტუაციას. არ გიადვილებთ, პირიქით, გვიძნელებს… მიუხედავად იმისა, თქვენ რას გადაწყვეტთ, მე მაინც დავდგები ქართველი ხალხის გვერდით”, – აღნიშნა სააკაშვილმა.