საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აპრილის №175 დადგენილებით გამოქვეყნდა იმ მეწარმე-სუბიექტებისა და საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა ფუნქციონირებაც „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ” გამოცემული აკრძალვები არ გავრცელდება.
იხილეთ სრული სია:
პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები. ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც ახორციელებენ Covid-19 მართვის ღონისძიებებს, მათ შორის პრევენციას, დიაგნოსტიკისა და მკურნალობას, დაფინანსების წყაროს მიუხედავად. ფარმაცევტული საქმიანობა. 24-საათიანი ზრუნვის სპეციალიზებული დაწესებულებები და სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის მობილური ჯგუფები. სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია, რეალიზაცია. საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები. სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვა-გადაყვანა. სანავსადგურე, სააეროპორტო და სანავიგაციო მომსახურება. საფოსტო და საკურიერო მომსახურება. წყალმომარაგების საქმიანობა, ელექტროენერგიის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები. პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები. სამაშველო საქმიანობა. ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები. უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება).დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები. მეტალურგია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, წიაღის გამდიდრების სამუშაოები, ასევე აღნიშნული სამუშაოების სრულყოფილად და უსაფრთხოდ განხორციელებისათვის საჭირო სხვა აუცილებელი საქმიანობები.
შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციოს საბჭოს გადაწყვეტილებით სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა სახის შეზღუდვები დაწესდა.