ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არა 20 ივნისის ამნისტიას!” – 25 აპრილს პარლამენტთან აქცია გაიმართება

25 აპრილს, 15:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება სახელწოდებით – არა 20 ივნისის ამნისტიას! აქციის ორგანიზატორები მოძრაობა საქართველოსთვის, შეცვალე და დემოკრატიული მომავლისთვის არიან. ორგანიზატორების განცხადებით, 2019 წლის 19-21 ივნისს მომხდარ მოვლენებზე ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა იქნება.

მეტრონომი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“19-21 ივნისის ღამეზე ამნისტია არის ანტისახელმწიფოებრივი, ის ემსახურება რუსეთის ინტერესებს და ორიენტირებულია გიორგი გახარიას მძიმე პოლიტიკური წარსულის გასუფთავებაზე. კანონპროექტმა შესაძლოა ერთ სიბრტყეში დააყენოს, როგორც დამნაშავე ანტისაოკუპაციო აქციის დამრბევი ჯალათები, ისე დაზარალებულები, რაც სრულად მიუღებელი, ამორალური და დანაშაულებრივია.

სრულად ვემიჯნებით 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტს! შეთანხმებაზე ხელმომწერი მხარეებისგან მოვითხოვთ, რომ საერთოდ არ დარეგისტრირდეს ეს დოკუმენტი აღნიშნული შინაარსით”, – ვკითხულობთ ორგანიზატორების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციის ნაწილმა და მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ოპოზიციური პარტიებიდან ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ქართული ოცნებიდან ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციასა და ფასილიტატორ ელჩებს შორის, შეხვედრა გუშინ 18 მარტს შედგა. მხარეთა შორის შეხვედრას არ ესწრებოდა ქართული ოცნება. ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა  ევროკავშირის ოფისში, შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მხარეებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა. იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.

დოკუმენტის თანახმად, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს აიღებს, მმართველი გუნდი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ვალდებულებას იღებს. დოკუმენტში საუბარია ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზეც.

ქართულ ოცნებაში ამბობდნენ, რომ მათ უკვე მოაწერეს შარლ მიშელის მიერ შექმნილ პირველ დოკუმენტს ხელი და მათი მხრიდან პირობების მეტი კორექტირება აღარ მოხდებოდა და არ დაეთანხმებოდნენ დოკუმენტში რაიმე შინაარსობრივ დამატებას. ამასთან, ოცნებაში ამბობდნენ, რომ თუ პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა, კრიტიკულ პოზიციას არ დააფიქსირებდნენ. გარდა ამისა, მმართველ გუნდში აცხადებდნენ, რომ განიხილავენ 40%-იანი ბარიერის გაზრდის შესაძლებლობასაც.

თუმცა, დღეს 19 მარტს ქართულმა ოცნებამ  მზადყოფნა გამოთქვა 43 %-იან ზღვარს დადათანხმებოდა და შარლ მიშელის დოკუმენტისთვის ხელი მოეწერა.

რაც შეეხება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საკითხს. დღეს, 19 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ თუ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგება, ის გიორგი რურუას შეიწყალეს. ჯერჯერობით უცნობია რა მექანიზმით, მაგრამ როგორც გუშინ ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრის გამოსვლის შემდეგ ლელო საქართველოსთვის ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, მელიას გათავისუფლების გარანტორი არის ევროკავშირი.

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო.  ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ, მათ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, პარლამენტში საქმიანობაზე უარი თქვეს და მოითხოვეს ცესკოს თავმჯდომარის შეცვლა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი კანონმდებლობით და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

პოლიტიკური კრიზისის მოგვარება ფასილიტატორმა ელჩებმა სცადეს და ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან მიიწვიეს. მათი შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

მოლაპარაკებები ევროპელი პარტნიორებისა და ელჩების მონაწილეობით რამდენიმე თვე მიმდინარეობდა.

 

იტვირთბა....