ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული ახალი დოკუმენტი პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხებს შეიცავს.
როგორც ბოკერიამ ევროკავშირის წარმომადგნელობის ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, დოკუმენტში არ არის საუბარი, თუ რა გზით მიდის ქვეყანა ვადამდელ არჩევნებამდე.
ბოკერიას თქმით, თუკი ეს საკითხი გახდება მკაფიო, დოკუმენტი ევროპული საქართველოსთვის მისაღები იქნება.
“ამ დოკუმენტში კარგი პროგრესია იმასთან შედარებით, სადაც ვიყავით. საკვანძო საკითხში – პოლიტპატიმრების თემაზე – ორივე პიროვნებაზე, საუბარია მელიასა და რურუაზე, მათი გათავისუფლების საკითხი უნდა გადაწყდეს. ძალიან კარგია, რომ ამ დოკუმენტში ეს მოცემულია. განსხვავებით წინა არასრულფასოვანი დოკუმენტისგან, გვაქვს ვადამდელ არჩევნებზე საუბარი მკაფიოდ, მაგრამ ჩვენთვის მიუღებლად რჩება, რა ტესტით მივდივართ ვადამდელ არჩევნებამადე. ამიტომ, ეს საკითხი არის გამოსასწორებელი ამ დოკუმენტში. მაშინ, ის მისაღები გახდება ავტომატურად… ვადამდელ არჩევნებზე როგორც წერია, ეს ვარიანტი არ არის მისაღები”, – უთხრა ჟურნალისტებს ბოკერიამ.
მხარეთა შორის შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყო, რომელიც ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. მხარეთა შორის შეხვედრას არ ესწრებოდა ქართული ოცნება.
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ევროკავშირის ოფისში, შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მხარეებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა. იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.
შეგახსენებთ, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 31 მარტს შესთავაზა, ხელი მოაწერა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტპატიმრების საკითხის ბუნდოვანებისა და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული პუნქტის არარსებობის გამო, დოკუმენტს მათი ხელმოწერა არ ექნება.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო, ვიზიტი გაახანგრძლივა. ამის მიუხედავად, მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დიპლომატმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა.