“თქვენ იცით, რომ 2 საკითხზე უნდა მომხდარიყო საბოლოო შეჯერება, პრინციპულად ეს დოკუმენტი არის მისაღები, თუმცა ამ ყველა პუნქტს ხვალ გაიტანს პოლიტსაბჭოზე და საბოლოო პოზიცია ოფიციალურად დააფიქსიროს. შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ”, – ამის შესახებ ლელო საქართველოსთვის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ვროკავშირის ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მხარეთა შორის შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყო, რომელიც ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. შეხვედრას არ ესწრებოდა ქართული ოცნება.
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ევროკავშირის ოფისში, შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მხარეებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა. იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.
შეგახსენებთ, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 31 მარტს შესთავაზა, ხელი მოაწერა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტპატიმრების საკითხის ბუნდოვანებისა და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული პუნქტის არარსებობის გამო, დოკუმენტს მათი ხელმოწერა არ ექნება.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო, ვიზიტი გაახანგრძლივა. ამის მიუხედავად, მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დიპლომატმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა.