ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სამადაშვილი: გვჭირდება დრო კონსულტაციებისთვის – გვაქვს შეკითხვები და რეზერვაციები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით, პარტიას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ, სამადაშვილმა მედიას განუცხადა, პარტია აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციებს გამართავს.

“ჩვენ გვაქვს გარკვეული რეზერვაციები, ამიტომ ვერ ვიტყვი და არ ვარ იმ მდგომარეობაში, გაცნობოთ, რომ ჩვენი პარტიული გადაწყვეტილება მიღებულია. გვჭირდება დრო კონსულტაციებისთვის იმიტომ, რომ გვაქვს ჩვენი შეკითხვები და რეზერვაციები სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში”, – უთხრა ჟურნალისტებს სალომე სამადაშვილმა.

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა  ევროკავშირის ოფისში, შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მხარეებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა. იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.

შეგახსენებთ, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 31 მარტს შესთავაზა, ხელი მოაწერა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტპატიმრების საკითხის ბუნდოვანებისა და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული პუნქტის არარსებობის გამო, დოკუმენტს მათი ხელმოწერა არ ექნება.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო, ვიზიტი გაახანგრძლივა. ამის მიუხედავად,  მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დიპლომატმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა.

 

იტვირთბა....