ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სამნიძის თქმით, რესპუბლიკური პარტია შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ოპოზიციური პარტია ფასილიტატორ ელჩებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ოპოზიციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილი ახალი დოკუმენტი გააცნეს.

რესპუბლიკური პარტიის წევრმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ რესპუბლიკელები მზად არიან დოკუმენტს ხელი მოაწერონ.

“დღეს სერიოზული შეხვედრა იყო, პირდაპირი ჩართვა იყო ბრიუსელთან, საიდანაც საბოლოო დოკუმენტი გაგვაცნეს მოლაპარაკებების, რომელიც კომპრომისული ვერსიაა. დოკუმენტი, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა დღეს დადო, არის ძალიან პოზიტიური პროგრესი – არის ჩანაწერი როგორ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე და რაც მთავარია, საკითხი, რომელზეც კომპრომისი შეუძლებელი იყო, ეს არის ორი პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების საკითხი, ჩანაწერი არის მკაფიო. ამის გათვალისწინებით, დანარჩენი სამი საკითხის გათვალისწინებით, რომელზეც შეთანხმებული ვიყავით აქამდეც, დოკუმენტი მისაღებია და შემიძლია რესპუბლიკური პარტიის სახელით ვთქვა, რომ მზად ვართ ამ დოკუმენტს ხელი მოვაწეროთ, მაგრამ ამისთვის საჭიროა ხელისუფლების მხრიდან შეთანხმების მზაობა იყო. დღეს ისინი არ მოდიოდნენ შეხვედრაზე. გამოჩნდა, რომ ქართლ ოცნებას უჭირს შეთანხმებამდე მისვლა და რთულ ვითარებაშია. მზად ვარ ამ დოკუმენტს, საბოლოო ვარიანტს მხარი დავუჭირო”, – აღნიშნა სამნიძემ.

სამნიძის თქმით, დოკუმენტში წერია, რომ თუ ქართული ოცნება ვერ აიღებს თვითმმართველობის არჩევნებშ 43%-ს ის იღებს ვალდებულებას, რომ 2022 წელს იქნება რიგგარეშე არჩევნები.

შეხვედრა არ დაესწრნენ მმართველი გუნდის წევრები.

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა  ევროკავშირის ოფისში, შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მხარეებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა. იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.

შეგახსენებთ, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 31 მარტს შესთავაზა, ხელი მოაწერა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტპატიმრების საკითხის ბუნდოვანებისა და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული პუნქტის არარსებობის გამო, დოკუმენტს მათი ხელმოწერა არ ექნება.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო, ვიზიტი გაახანგრძლივა. ამის მიუხედავად,  მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დიპლომატმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა.

იტვირთბა....