ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი: ერთი ვიცი, რომ საქართველოში ჰესები უნდა აშენდეს

ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაზა ლომინაძემ ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზადყოფნა, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მზადაა.

„იცით, რომ რამდენიმე დღის წინ შედგა ქუთაისში მოლაპარაკება. პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი, რომელიც იმყოფებოდა ქუთაისში და აწარმოებდა მოლაპარაკებას, მასთან შეთანხმებით ამოვედი დღეს აქ, რათა კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა მოლაპარაკების გაგრძელების მზადყოფნა და ყველა ის საკითხი, რაც აქციის მონაწილეებმა და ხელმძღვანელებმა დააყენეს ჩვენს წინაშე, ყველა ეს საკითხი იხილება პრემიერ-მინისტრის დონეზე და აუცილებლად ვაცნობებთ.

კიდევ ერთხელ მოვედით, რომ ეს ყველაფერი მათთვის გვეთქვა, ისევე, როგორც ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ, ის, რაც დაიწყო თბილისში, რაც დაიწყო აქ, ამ ადგილზე, შემსუბუქება და ნაწილობრივ აღება. ყველას გაგვაჩნია საკუთარი შეხედულება, ჩვენ ჩვენი შეხედულება გვაქვს, მაგრამ მთავარი არის, რომ ამ ადამიანებთან ერთად ვართ გვერდში და ყველა იმ საკითხს ვიხილავთ, რაც მწვავედ დგას ქუთაისში და საქართველოში“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

კითხვაზე, რა პოზიცია აქვს პირადად მას ჰესთან დაკავშირებით, ზაზა ლომინაძემ აღნიშნა, რომ ჰესები უნდა აშენდეს:

„მე ერთი ვიცი, რომ საქართველოში ჰესები უნდა აშენდეს. ყველა ჰესის მშენებლობა უნდა განიხილებოდეს მისი საგებლობისა და ზიანის შეფასებით, ისევე, როგორც ყველაფერი ცხოვრებაში. ამიტომ ჩვენს მეგობრებთან ერთად, ბატონ ვარლამთან და ბატონ მირზასთან ერთად, ჩვენ ამ საკითხს ვიხილავთ. ისინი, რა თქმა უნდა, ჩვენს მხარეს არიან და მზად არიან, განიხილონ ეს საკითხი. ისინი გვიმტკიცებენ, რომ არ უნდა აშენდეს, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ უნდა აშენდეს“, – აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.

შეგახსენებთ,  სოფელ გუმათში მოწყობილი რკინის კედელი სამართალდამცავებმა აიღეს. კედლის აღება გუშინ, გამთენიისას მოხდა. ამ ეტაპზე, ადგილზე მხოლოდ რკინის მცირე ჯებირები რჩება, თუმცა, სოფელ ნამოხვანისკენ მოძრაობა კვლავ აკრძალულია.

ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები, მთავრობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, ხელისუფლების გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. მათ მიერ დასახელებული სამი პირობიდან ერთი – რკინის კედლის აღება ნაწილობრივ უკვე შესრულდა.

ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების თქმით, დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში მას შემდეგ გაგრძელდება, რაც მათი მოთხოვნები სრულად შესრულდება.

ნამოხვაჰესის მშენებლობას როგორც გარემოსდამცველები, ასე ადგილობრივი მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია ენკა რინიუებლზის დირექტორის, მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

იტვირთბა....