“ჩვენ არა თუ კრისიტიან დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ვაწერთ ხელს, მეტიც, დამატებით გამოვხატავთ მზადყოფნას, კარსმომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ხელისუფლება დღეს საჯაროდ აწერს ხელს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლის მიშელის შექმნილ დოკუმენტს.
შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა.
დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა. კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. თუმცა მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.