aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: აშშ ჩვენს ნერვებზე თამაშობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შეერთებული შტატების მიერ შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნას პროვოკაციას უწოდებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი. ამის შესახებ რუსული გამოცემა ტასს-ი იუწყება.

მან ამერიკის ამ ქმედებებს რუსეთის ნერვებზე თამაში უწოდა, რაც შედეგის მომტანი არაა.

“ჩვენს სანაპიროებთან ამერიკულ ხომალდებს აბსოლუტურად არაფერი ესაქმებათ. ისინი მხოლოდ სიტუაციის პროვოცირებას ცდილობენ. ეს ნერვებზე თამაშია, რაც მათთვის არაფრის მომტანი იქნება“, – განაცხადა რიაბკოვმა.

როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, აშშ უკრაინის მხარდასაჭერად უახლოეს დღეებში შავ ზღვაში სამხედრო ხომალდებს გაგზავნის.

შეგახსენებთ, უკანასკნელი კვირეების განმავლობაში უკრაინის აღმოსავლეთით ვითარება ძალიან დაიძაბა. მასშტაბური სამხედრო გადაადგილება შეინიშნება კონფლიქტის შეხების ხაზის ორივე მხარეს, როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის.

ვრცელდება უამრავი ვიდეომასალა, სადაც ჩანს რუსული ტექნიკის გადაადგილება უკრაინის მოსაზღვრე რაიონებში.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არმიის მზადყოფნის შემოწმება დაიწყო. რუსული მხარე აცხადებს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო სწავლებაა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რამდენიმე დღის წინ ფრონტის ხაზზე ჩავიდა ვითარების ადგილზე გასაცნობად. მისი განცხადებით, უკრაინა მზადაა პასუხი გასცეს, თუკი რუსეთი ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებს დაიწყებს.

იტვირთბა....