ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

შსს-მ თაღლითური სქემით ფულის მითვისების ბრალდებით 11 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მასშტაბური საერთაშორისო სქემა გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ჯგუფი სპეციალურად შემუშავებული თაღლითური გეგმით უკანონოდ ითვისებდა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეთა თანხას. გამოძიება პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გამოყენების, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 11 პირი დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
დანაშაულები 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის გაზაფხულზე, ისრაელის მოქალაქე ჯ.ჰ.-მ, თანამზრახველებთან ერთად, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც დროის ხანგრძლივ პერიოდში ახორციელებდა კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებასა და ჯგუფი წევრებს შორის განაწილებას.

ჯგუფის წევრები, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაეუფლნენ უცხო ქვეყნების, მათ შორის გერმანიის, ავსტრიის, ჩინეთის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის ათეულობით მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს. ამ ეტაპისათვის დადგენილი ზიანის ოდენობა შეადგენს 620 000 ევროს.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გამოყენების, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს” – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....