ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ წერილზე გადაცემაში კომენტარი განაცხადა, რომ ეს მხოლოდ 7 ევროდეპუტატის აზრი არაა. კრამონის თქმით, ევროპარლამენტარებები ღელავენ საქართველოზე და მიდის საუბარი ქვეყნის მაკრო-ფინანსური დახმარების შეჩერებაზე.
კრამონის თქმით, საქართველო წლების განმავლობაში აბსოლუტური ლიდერი და ის თავის კუთვნილ ადგილს უნდა დაუბრუნდეს.
“ჩვენ ვდარდობთ, ვღელავთ საქართველოს მომავალზე, როგორ უნდა წავიდეს ყველაფერი, ეს არაა ცალკეული ევროპარლამენტარების აზრი, ესაა საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, მათ შორის ქალბატონი, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია საქართველოსთან ურთიერთობაზე. ჩვენ ვსაუბრობთ მაკრო-ფინანსურ დახმარებაზე, ამის შესაძლო შეჩერებაზე ან შემცირებაზე. აქ არის საუბარი საქართველოს მომავალზე. საქართველო იყო აბსოლუტური ლიდერი წლების განმავლობაში და იმ ადგილს უნდა დაუბრუნდეს”, – განაცხადა კრამონმა.
კრამონის თქმით, საქართველოში ძალიან დიდი ინვესტიცია ჩაიდო ევროკავშირის მხრიდან და საქართველო ევროკავშირისთვის აბსოლუტური პრიორიტეტია.
“ძალიან დიდი კაპიტალი ჩაიდო საქართველოში იმისთვის, რათა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ საქართველო ევროკავშირისთვის აბსოლუტური პრიორიტეტია. ამის შემდეგ უმაღლესი დონის დიპლომატი გამოვგზავნეთ საქართველოში, პირადი წარმომადგენელი შარლ მიშელისა ბატონი კრისტიან დანიელსონი, რათა მას გაეწია მედიაცია დაპირისპირებულ პოლიტიკურ მხარეებს შორის, რათა ყველაფერი შეთანხმებამდე მისულიყო. ახლა ვხედავთ, რომ საათობრივად, მიუხედავად ღამის საათებში დახარჯული დროისა, სიტუაცია არ წასულა წინ, ხელი არ მოეწერა არაფერს და ჩვენ ვთქვით, კარგით, კმარა. არ არიან ისინი ცალკეული ევროპარლამენტარები, ცალკეული პარტიების წარმომადგენლები, ჩვენ ვართ თანაპასუხისმგებელი ჩვენს პოლიტიკურ ფრაქციებში საქართველოს დღევანდელ პოლიტიკაზე”, – აცხადებს კრამონი.
საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ამის გამო ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს.
მათი განცხადებით, ორივე, მმართველი და მთავარი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში, პასუხისმგებლები არიან ამ შედეგზე, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი სახელისუფლებო პარტიას ეკისრება.
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით, პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. მან მხარეებს კონკრეტული საკითხები წარუდგინა, მაგრამ შეთანხმება კვლავ ვერ შედგა. ოპოზიცია აცხადებს, რომ უნდა გათავსუფლდნენ პოლიტპატიმრები და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, რაზეც ხელისუფლება უარს აცხადებს.

