ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, ევროპარლამენტარების მხრიდან გავრცელებული განცხადება საქართველოში სერიოზულად უნდა აღიქვან, რადგან ამ განცხადების ხელმომწერები არიან წამყვანი ევროპარლამენტარები.
“მე არ შემიძლია ვისაუბრო ევროპარლამენტის ან მისი კონკრეტული წევრების სახელით. უბრალოდ ვიტყვი, რომ, რა თქმა უნდა, მოდის კონკრეტული ძალიან ცხადი გზავნილები და აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების ხელმომწერები არიან წამყვანი ევროპარლამენტარები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული როლი, როდესაც საქმე ეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას. ასე რომ, ევროპარლამენტარების მხრიდან გზავნილები სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული”, – ამბობს კარლ ჰარცელი.
საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ამის გამო ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს.
მათი განცხადებით, ორივე, მმართველი და მთავარი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში, პასუხისმგებლები არიან ამ შედეგზე, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი სახელისუფლებო პარტიას ეკისრება.
ამასთან, 7 ევროპარლამენტი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პოლიტიკურ კომპრომისებზე უარის თქმა, რა თქმა უნდა, იმოქმედებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე და ის ძველებურად ვერ გაგრძელდება.
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით, პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. მან მხარეებს კონკრეტული საკითხები წარუდგინა, მაგრამ შეთანხმება კვლავ ვერ შედგა. ოპოზიცია აცხადებს, რომ უნდა გათავსუფლდნენ პოლიტპატიმრები და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, რაზეც ხელისუფლება უარს აცხადებს.