სამოქალაქო მოძრაობის დროას დამფუძნებელი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ არ ეთანხმება რუსი პროპაგანდისტის ვლადიმირ პოზნერის ქართველი მასპინძლის მირანდა მირიანაშვილის ბულინგს. ხოშტარიას თქმით, პრობლემა მთავრობა და უკანონობაა.
“კატეგორიულად ვემიჯნები მირანდა მირიანაშვილის ან სხვა მოქალაქეების ბულინგს და ფოკუსის მათზე გადატანას. პრობლემა არის მთავრობა, უკანონობა, ოკუპაციის იგნორირება მთავრობის მხრიდან, პრივილეგიების მინიჭება, ტყუილი და არა ერთი მოქალაქის ჩვენთვის მცდარი პოზიცია. შეიძლება იმსჯელო ზოგადად კონფორმიზმზე, ურთიერთობებზე და ბევრ რამეზე, მაგრამ პასუხისმგებლობა არის ხელისუფლების”, – წერს ელენე ხოშტარია.
ცნობისათვის, რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის მასპინძელი საქართველოში, მირანდა მირიანაშვილია, რომელმაც სოციალურ ქსელში სტატუსს გამოაქვეყნა და საზოგადოებას პატიებას სთხოვს.
შეგახსენებთ, რუსი ჟურნალისტი, ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, გუშინ, 31 მარტს ჩამოვიდა.
საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად, სადილი გამართა სასტუმრო “ვინოტელში”. სასტუმროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მოგვიანებით, წვეულებაზე მყოფმა პირებმა პოლიციის კორდონის საშალებით დატოვეს სასტუმრო და სასტუმრო “რუმსში” წავიდნენ.
სამოქალაქო პროტესტი მთელი ღამის განმვლობაში “რუმსის” მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდებოდა.
პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისი ჩარტერული რეისით, დღეს, გამთენიისას დატოვეს.
პოზნერი “რია ნოვოსტთან” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ არც ის და არც მისი თანმხლები პირები გასულ ღამეს თბილისში არავის დაუჯარიმებია. თუმცა შსს-მ განცხადება და ქვითრის ფოტო გაავრცელა, სადაც პოზნერის დაჯარიმების ქვითარია გამოსახული.