ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი: უფლებას ვიტოვებთ, დრო აღარ დავკარგოთ ოპოზიციის ახირების განხილვაზე

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული დიალოგის შეთანხმების გარეშე დასრულებას გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, მთავრობა აღარ აპირებს დრო დაკარგოს ოპოზიციის ახირებებზე.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთელი დასავლური საზოგადოება აღიარებს არჩევნებს და დანიელსონს გადაკვრითაც კი არ შემოუთავაზებია ხელახალი არჩევნები წარმოდგენილ დოკუმენტში.

“კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე მინიშნებაც კი არ ყოფილა. ეს ბუნებრივია, ვინაიდან, ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, მთელი დასავლური საზოგადოება და მსოფლიო აღიარებს არჩევნებს და მის შედეგებს, შესაბამისად, შედეგების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, არავითარი კითხვის ნიშნები არ არსებობს.

თუმცა, მთელი ცივილიზებული სამყაროსგან განსხვავებით, ვხედავთ, რადიკალური ოპოზიცია არ ცდილობს გამოვიდეს ამ ჩიხიდან, სადაც თავად ნებაყოფლობით, თუმცაღა გაუგებარი გათვლებით შევიდა. მინდა, ასევე, აღვნიშნო, რომ მათ არ ეყოთ არც გამბედაობა და არც გონიერება, უარი ეთქვათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე და ხელი მოეწერათ დოკუმენტისთვის. დღეს, როცა ვითარება ყველასთვის ცხადია, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, აღარ დავკარგოთ დრო ამ ახირების განხილვაზე და მთლიანად ვორიენტირდეთ რეალურ პრობლემებზე” – განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერმა.

შეგახსენებთ, 30 მარტს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შემდგარი მოლაპარაკებები კვლავ უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკების მაგიდასთან დანიელსონმა პოლიტიკურ პარტიებს დოკუმენტი შესთავაზა, თუმცა ხელი არცერთმა პარტიამ მოაწერა. როგორც შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა განაცხადა, პოლიტიკური პარტიების მიერ არ ყოფილა მზაობა, რომ შეთანხმება მომხდარიყო.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა და ქვეყანა 19 მარტს დატოვა.

იტვირთბა....