“პრინციპიში, საბოლოო ჯამში, “ქართული ოცნება” მზად იყო და არის იმ პუნქტებზე ხელის მოსაწერად, რაც იყო, მცირედი შესწორებებით და აქ საუბარია მხოლოდ ისეთ დეტალებზე, რაც მაგალითად, ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ არის: 2/3-ზე და ა.შ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება მზად არის მედიატორის მიერ შემოთავაზებულ პუნქტებზე “მცირედი შესწორებებით” ხელი მოაწეროს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიცია აყენებდა “ულტიმატუმს” და არ იყო მზად კომპრომისული ნაბიჯის გადმოსაგდმელად.
“იქ იყო 20-ზე მეტი პუნქტი, ქვეპუნქტებად ჩაშლილი, ამათგან 3-ზე თუ 4-ზე მაქსიმუმ იყო სადისკუსიო, სამსჯელო, თუმცა აქამდე საქმე ნამდვილად არ მისულა. არათუ სამსჯელო თემებზე, არამედ ყველაზე მთავარ თემებზე, რომლებსაც ისინი აყენებდნენ ულტიმატუმების სახით, 1 ნაბიჯიც კი არ გადმოიდგა, არათუ კომპრომისული, საერთოდ განხილვაც არ შედგა — მაგალითად ვადამდელი არჩევნების გარეშე, მაგალითად, რურუას გათავისუფლების გარეშე და ა.შ.”, – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, 30 მარტს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შემდგარი მოლაპარაკებები კვლავ უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკების მაგიდასთან დანიელსონმა პოლიტიკურ პარტიებს დოკუმენტი შესთავაზა, თუმცა ხელი არცერთმა პარტიამ მოაწერა. როგორც შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა განაცხადა, პოლიტიკური პარტიების მიერ არ ყოფილა მზაობა, რომ შეთანხმება მომხდარიყო.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა და ქვეყანა 19 მარტს დატოვა.