ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი

ვაქცინის მიმღებთა წრე ფართოვდება – ჯანდაცვის მინისტრის განცხადება

საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინის გაკეთება 55 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვისაც შესაძლებელი ხდება. – ამის შესახებ ინფორმაცია მედიას ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გააცნო. გარდა ამისა, ვაქცინაციაში ჩაერთვებიან დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანაერგილი პაციენტები.

„ჩვენ ვიმსჯელეთ იმ კალენდართან მიმართებაში, რომლითაც დღეს საქართველო ხელმძღვანელობს ვაქცინაციის პროცესის წარმართვასთან მიმართებაში. საბჭომ მიიღო დამატებითი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინაციის ჯგუფს ჩვენ დავამატებთ ჩვენს მოქალაქეებს 55 წლის ზემოთ. ეს გამოწვეულია იქიდან, რომ ჩვენ დავაკვირდით თუ დიდია ინტერესი და რამდენად კარგი არის აქტივობა ჩვენს მოქალაქეებში, რომლებიც არიან 65 წელს ზევით. ასევე იყო საკმაოდ დიდი მოთხოვნა სწორედ იმ ჯგუფს შორის, რომელიც 55-დან 65 წელს მოიცავდა”, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამ დრომდე ვაქცინაცია შეეძლოთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ან 65 წელს გადაცილებულ პირებს.

ცნობისათვის, 25 მარტს, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოვიდა. საქართველომ „ფაიზერის“ 30 ათასამდე დოზა ვაქცინა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო.

შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. საქართველოში ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოიტანეს, რომელიც თავდაპირველად მედპერსონალისთვის იყო გათვლილი. თუმცა დაბალი ჩართულობის გამო ჯანდაცვის ექსპერტებმა მიიღეს გადაწყვტილება, რომ ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზემოთ მოქალაქეებიც ჩაერთვნენ. ხოლო, აპრილიდან ვაქცინაზე საყოველთაო იქნება და მსურველების რეგისტრაცია აპრილის შუა რიცხვებამდე დაიწყება.

იტვირთბა....