“ჩვენ გავაცანით უმრავლესობის წევრებს გუშინდელი შეხვედრის დეტალები. ბუნებრივია, აინტერესებდა გუნდს ის ნიუანსები, რაც გუშინდელ დიალოგს უკავშირდებოდა. რაც ხდებოდა გუშინ თქვენც იცით, ვინ აყენებდა იქ ულტიმატუმებს და ვინ არა, ვინ იყო კონსტრუქციული და ვინ არა, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას უკვე აქვს ინფორმაცია”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“ჩვენ არ გვქონდა დაყენებული არც ერთი ულტიმატუმი მოდერატორის წინაშე და იმ დიპლომატების წინაშე, რომლებიც წარმართავდნენ ამ დიალოგს. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ ჰქონდათ ორი ულტიმატუმი: ერთი უკავშირდებოდა არჩევნებს, პლებისციტს და მეორე – რურუას თემას. ბატონმა დანიელსონმა დოკუმენტთან დაკავშირებით ჰკითხა აზრი და როდესაც ოპოზიციამ დააყენა ეს ორი ულტიმატუმი, დანიელსონმა ამის შემდეგ განაცხადა, რომ გაგრძელებას აღარ ჰქონდა აზრი. ოპოზიციამ ჩაკეტა დიალოგი, მან მოსპო ყოველგვარი რესურსი იმისათვის, რომ შეთანხმება შემდგარიყო, თავისი არაკონსტუქციული მიდგომით და ულტიმატუმებით”, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, 30 მარტს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შემდგარი მოლაპარაკებები კვლავ უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკების მაგიდასთან დანიელსონმა პოლიტიკურ პარტიებს დოკუმენტი შესთავაზა, თუმცა ხელი არცერთმა პარტიამ მოაწერა. როგორც შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა განაცხადა, პოლიტიკური პარტიების მიერ არ ყოფილა მზაობა, რომ შეთანხმება მომხდარიყო.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა და ქვეყანა 19 მარტს დატოვა.