“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ჩაშლილი მოლაპარაკებების ფონზე ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გამძაფრდა.
როგორც სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშანა, მოვიდა დრო ოპოზიცია აქტიურ ქმედებებზე გადავიდეს.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში არსებობის ყოველი დღე ჩვენ გვაშორებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ევროპულ სტრუქტურებს, დასავლეთს და კიდევ უფრო მიბმული ვხდებით რუსეთის ორბიტაზე. ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” ევროინტეგრაციის კურსს გადაუხვია და მისი ქმედებები ჩვენ გვაშორებენ ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციას, ამაზე ევროკავშირის წარმომადგენლები საჯაროდ საუბრობდნენ ჯერ კიდევ ჩაშლილ მოლაპარაკებებამდე და შესაბამისად, ჩაშლილი მოლაპარაკებების და ვალდებულებების არშესრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გამძაფრდა კრიზისი და კიდევ უფრო დავშორდით ჩვენ ევროატლანტიკურ სტრუქტურებს და ევროატლანტიკურ გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯები დავინახეთ.
ოპოზიციის გეგმა მოიცავს იმას, რომ ყველა ოპოზიციური პარტია პირისპირ უფრო მეტ დროს დავუთმობთ ჩვენს ამომრჩევლებთან კომუნიკაციას იმიტომ, რომ მოვიდა დრო, რომ გადავიდეთ აქტიურ ქმედებებზე. ამომრჩევლებთან პირისპირ კონსულტაცია ყველა რაიონში, ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში – პარტიები ჩვენს ამომრჩევლებს გავესაუბრებით და უფრო გავზრდით მათ მოტივაციას, თუნდაც საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის, თუნდაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით და რაც მთავარია, ჩვენ ჩვენს ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ შევთავაზებთ იმ ალტერნატივებს, იმ გეგმებს, იმ პროგრამებს, რომლებსაც განვახორციელებთ უკვე კვალიციურ მთავრობაში მოსვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან მშვიდობიანად წასვლის შემდეგ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.