ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ღარიბაშვილი ჩავიდა ბრუსელში, სადაც ბორელმა თავზე ხელი გადაუსვა, ისე, რბილად წამოარტყა, სასამართლო არ გივარგათო” – სამადაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

“ამ ამბის მოკლე ისტორია, პოპულარულ ენაზე, ასე გამოიყურება – ევროკავშირის საგარეო მინისტრი, ესპანელი სოციალისტი, ბორელი ჩავიდა მოსკოვში, დაამცირეს და გამოუშვეს. ბელგიელმა ლიბერალმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, მიშელმა გადაწყვიტა ევროკავშირის რეპუტაცია დაეცვა, რუსეთის სამეზობლოში ევროკავშირის მნიშვნელობა ეჩვენებინა, მათ შორის საქართველოში კრიზისის მოგვარებით.

ამ დროს, ღარიბაშვილი ჩავიდა ბრუსელში, სადაც ბორელმა ირაკლის თავზე ხელი გადაუსვა საჯაროდ, ისე, ცოტა, რბილად წამოარტყა, სასამართლო არ გივარგათო. მიშელმა კი, ბევრი შეხვედრის მიუხედავად, სამწუხაროდ, საჯაროდ ყური არ აუწია, გაუფრთხილდა. ჩამოვიდა სამშობლოში რა ‘იკა,’ გადაწყვიტა მიშელის წარმომადგენელი სახლში ხელცარიელი გაეშვა.

ბატონი ბორელი, რომელსაც სულაც არ მიაჩნია, რომ მოსკოვში ევროპა დაამცირეს მისი ვიზიტისას და ვერ გაიგო, რატომ გამოესარჩლა მიშელი, ირონიულად გაიღიმებდა-ვერც მიშელმა დაუმტკიცა რუსეთს, რომ რუსეთის უკანა ეზოში ‘დიდი ბიჭი’ ევროპააო. ლავროვი კი, დილას სიცილით მოკვდება”, – წერს სალომე სამადაშვილი.

ცნობისათვის, ევროპული კომისიის პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით 12 მარტიდან იმყოფება. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევის მიზნით, დანიელსონმა საქართველოში ვიზიტი გაახანგრძლივა.

მიმდინარე მოლაპარაკებებზე, შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმა განიხილავენ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს.

შეგასენებთ, წუხელ გვიან ღამით ევროკავშირის ოფისში თითქმის 10 საათიანი მოლაპრაკება უშედეგოდ დასრულდა.

იტვირთბა....