ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დღევანდელი შეხვედრა დასრულდა.
ევროკავშირის ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც თითქმის 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, განცხადება გაავრცელა კრისტიან დანიელსონმა.
დანიელსონის განცხადებით, იყო მნიშვნელოვანი პროგრესი შეხვედრაზე პრეზიდენტ მიშელის დატოვებულ 6-პუნქტიან გეგმის ზოგიერთ პუნქტში.
“მე ჩართული ვიყავი აქტიურ მოლაპარაკებებში მიშელის შემოთავაზების შემდეგ, რომ ევროკავშირს გაეწია მედიაცია ამ პროცესში. ევროკავშირმა და აშშ-მ გულმოდგინედ იმუშავეს, რომ დახმარებოდნენ პარტიებს, მიეღწიათ შეთანხმებისთვის და დასრულებულიყო პოლიტიკური კრიზისი საქართველოში.
პოლიტიკური კრიზისის დასრულება ნიშნავდა საქართველოს ლიდერებისთვის, რომ მათ შეეძლებოდათ ფოკუსირების გაკეთება კორონავირუსის პანდემიაზე და მის შედეგებზე. წინ წასულიყვნენ ევროკავშირის დღის წესრიგით და დაეცვათ საქართველოს უსაფრთხოება რეგიონში.
ზოგიერთ მონაკვეთში მნიშვნელოვანი შეთანხმება იყო მიღწეული, სხვადასხვა ასპექტში, მიშელის დატოვებულ 6-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით. ეს მისასალმებელია და მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს კრიზისთან დაკავშირებული ამ საკითხების მოგვარება. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ამაზე ნაკლები პროგრესი და წინსვლა იყო,”- განაცხადა დანიელსონმა.
დანიელსონის თქმით, ის დილით საქართველოშ ვიზიტს დაასრულებს და ბრიუსელში დაბრუნდება, სადაც შარლ მიშელს მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგს მოახსენებს.
“პასუხისმგებლობა, იმისთვის რომ იყოს ნაპოვნი გადაწყვეტილება, საქართველოს პოლიტიკურ ინტერესზეა დამოკიდებული. იმედი მაქვს, რომ ახლა პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან იმ გზაზე, რომელიც არის გასავლელი და ექნებათ სურვილი, რომ წავიდნენ კომპრომისებზე, რომლევიც მისცემს საშუალებას, წარმატებით განხორციელდეს მედიაციის პროცესი. მე სრულიად მჯერა, რომ ეს არის ის, რისი ღირსიც არის ქართველი ხალხი,”- აცხადებს კრისტიან დანიელსონი.
შეგახსენებთ, ევროპული კომისიის პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით 12 მარტიდან იმყოფება. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევის მიზნით, დანიელსონმა საქართველოში ვიზიტი გაახანგრძლივა.
მიმდინარე მოლაპარაკებებზე, შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმა განიხილავენ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს.