ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც დეპუტატი ქართველ ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილს გამარჯვებას ულოცავს.
„ერმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გადაწყვიტა, რომ ლამაზი, მდიდარი და წარმატებული კაცი ვერ იქნება მოძალადე და იქვე დაასკვნა, რომ ლამაზი, მდიდარი და წარმატებული ქალიც ვერ იქნება მსხვერპლი. ტაში, ქალებოოო, ელისაშვილი ცეკვავს!“, – წერს პატარაია სოცქსელში.
დღეს, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის სხდომაზე ქართველ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს დოჰას ტურნირზე გამარჯვება მიულოცა.
„როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა – წარმატებული კაცი რომ გამოგვერევა, მერე მზად ვართ რომ დავკორტნოთ განსაკუთრებული ჟინით და ახალგაზრდა კაცსაც ძალიან ბევრი ასე უტევდა. ვერაფრით დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას, არც ჩანს, რომ ეს კაცი მოძალადეა და პირიქით, ვნახეთ, რომ მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წამებში მან სიტყვა წარმოთქვა და პირველ რიგში მის მცირეწლოვან შვილს მიმართა და წარმატება მოულოცა. ამის მოსმენით ალბათ ყველანი გულაჩუყებული ვიყავით.“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილი.
ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებულია. ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2 სეტში მე-13 ჩოგანი, ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი დაამარცხა.
ბასილაშვილი ამ გამარჯვებით 250 სარეიტინგო ქულას მიიღებს და მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდება.