ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყატარის ღია პირველობის გამარჯვებულია. ფინალში მსოფლიოს მე-13 ჩოგანი, ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი დაამარცხა.
ავსტრალიელი ჯეიმს მილმანი, ტუნისელი მალეკ ჯაზირი, რაც მთავარია უდიადესი როჯერ ფედერერი და ამერიკელი ტეილორ ფრიცი. ასეთი იყო ნიკოლოზ ბასილაშვილი გზა დოჰას უპრესტიჟულესი ტურნირის ფინალამდე. ტიტულისთვის ბრძოლაში გადამწყვეტ დაპირისპირებაში კი ქართველი მეჩოგნის მეტოქე რობერტო ბაუტისტა-აგუტი გახლდათ.
ესპანელი ჩოგბურთელი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-13 პოზიციაზეა, ხოლო დოჰაში მე-5 ნომრად იყო განთესილი, ამ ტურნირის ყოფილი გამარჯვებულია.
პირველი სეტი თანაბრად წარიმართა და ტაიბრეიქამდე მივიდა. სცენარი ზუსტად ისეთი იყო, როგორც ნახევარფინალში ტეილორ ფრიცთან. გეიმი-გეიმში და ბოლოს პარტიის წამოღება საჩოგბურთო ლატარეაში – 7:6.
მეორე სეტიც პირველის მსგავსად გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ჩოგბურთელები თავიანთ მოწოდებას უფრთხილდებოდნენ, თუმცა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბრეიქი ყველაზე მნიშვნელოვან დროს შეასრულა და გამარჯვებისკენ უდიდესი ნაბიჯი. საბოლოოდ ასეც მოხდა – 6:2.
ამრიგად, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ორჯერ ჰამბურგის და პეკინის ტურნირების შემდეგ, კარიერაში ATP-ის მეოთხე ტიტული მოიგო.