ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მრევლს არაფერს არ მოვუწოდებდი… ფაქტია, რომ ევროპის 10-ზე მეტმა ქვეყანამ შეაჩერა ონკრეტული ვაქცინის გამოყენება” – ანდრია ჯაღმაიძე

“დღეს სახეზე გვაქვს ასეთი ფაქტი, რომ ევროპის 10-ზე მეტმა ქვეყანამ შეაჩერა ერთ-ერთი კონკრეტული ვაქცინის გამოყენება,” – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ ვაქცინაციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ჯაღმაიძემ დასძინა, – “მრევლს არაფერს არ მოვუწოდებდი, არჩევანი არის თავისუფალი.”

ასევე, ჯაღმაიძემ ამავე საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ  ყველა სასულიერო პირის მოწოდება, თუ ქადაგება ვაქცინაციასთან დაკავშირებით სინოდის გადაწყვეტილების ჩარჩოში უნდა ჯდებოდეს.

“სინოდის გადაწყვეტილება ვაქცინასთან დაკავშირებით განჩინებაშიც ჩაიწერა. მთავარი საკითხი, რაზეც სინოდმა გაამახვილა ყურადღება, იყო, რომ ნებაყოფლობითი უნდა იყოს ვაქცინაცია. ყველას თავისი აზრი აქვს ვაქცინაციასთან დაკავშირებით, სინოდის გადაწყვეტილების ჩარჩოში უნდა ჯდებოდეს ყველა სასულიერო პირის მოწოდება თუ ქადაგებაა. სინოდის გადაწყვეტილების დამორჩილება არის ყველა სასულიერო პირის ვალდებულება.

მრევლს არაფერს არ მოვუწოდებდი, არჩევანი არის თავისუფალი. დღეს სახეზე გვაქვს ასეთი ფაქტი, რომ ევროპის 10-ზე მეტმა ქვეყანამ: ავსტრიამ, იტალიამ, ნორვეგიამ, რუმინეთმა და სხვამ შეაჩერეს ერთ-ერთი კონკრეტული ვაქცინის გამოყენება და თქვეს, რომ სჭირდებათ ორკვირიანი დაკვირვების ვადა, რომ დაადგინონ, რამ გამოიწვია ლეტალური შემთხვევები, არის თუ არა კავშირში ვაქცინაციასთან, რადგანაც დამთხვევაიყო. მეც ჩემს მრევლს ვურჩევდი, საღი აზრი იქნებოდა, რომ ეს ორი კვირა ჩვენც მოგვეცადა და გვენახა, რა შედეგებს დადებს კვლევა, რასაც ეს ქვეყნები აწარმოებენ“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, დღეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ –  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კავშირს „ასტრაზენეკას“ ვაქცინას და გამოვლენილ მოვლენებს შორის,კონკრეტულად თრომბოემბოლიურ გართულებებზე, არ ადასტურებს. მისივე განმარტებით, ჯანმო „ასტრაზენეკას“ გამოყენების შესახებ რეკომენდაციას იძლევა.

იტვირთბა....