ლადო ბენდიანიშვილი, რომელიც „TV პირველის“ მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში ფიგურირებს, ფეიბუკ სტატუსს აქვეყნებს, სადაც იგი წლების წინ მომხდარს იხსენებს. ბედიანაშვილი აღნიშნავს, რომ კომენტარი, რომელიც ბერას რომელიღაც პოსტზე დაწერა ნამდვილად არასასიამოვნო იყო. მისი თქმით, რამდენიმე დღის შემდეგ მასთან ოჯახში მივიდა დაცვის სამი თანამშრომელი. მას სთხოვეს, თავი შეეკავებინა კომენტარებისგან, რომელიც მუქარად შეიძლებოდა აღქმულიყო.
„მოკლედ ვწერ „ტვ პირველზე“ გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით. გუშინწინ ჩვენთან იყვნენ მოსული ჟურნალისტები და გვეკითხებიდნენ დასჯასა და დაშინებასთან დაკავშირებით, ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა ის რაც ჯერ კიდევ 2011 წელს დავპოსტე.
მაშინ ვიყავი 15-16 წლის, ბერას რომელიღაც პოსტზე დავწერე კომენტარი. მიუხედავად იმისა რომ გინებას და ლანძღვას არ შეიცავდა, არასასიამოვნო კომენტარი ნამდვილად იყო. რამდენიმე დღის შემდეგ ოჯახში მოვიდა დაცვის სამი თანამშრომელი, რომლებმაც გვითხრეს, რომ ისინი, როგორც ოჯახის დაცვა, დაინტერესდნენ იმით, რომ ბერას მისამართით არის მასირებული შეტევა, მუქარები საკმაოდ დიდი ჯგუფისგან და აინტერესებდათ რა საფუძველი ქონდა ამას, რაზეც ვუთხარი რომ ჩემი მხრიდან არანაირი მუქარა არ ყოფილა და არც რაიმე კონკრეტული პრეტენზია არ მქონდა მასთან. ამაზე ოჯახის თანდასწრებით ძალიან ზრდილობიანად მთხოვეს თავი შემეკავებინა ისეთი კომენტარებისგან, რომელიც შეიძლებოდა მუქარად აღქმულიყო. რა თქმა უნდა გავითვალისწინე, რადგან დამუქრება არც მანამდე მიფიქრია. იქიდან არანაირ მუქარას და დაშინებას და მით უმეტეს დასჯას ადგილი არასოდეს ქონია.“-წერს ბენდიანიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.
ინფორმაციისთვის, ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მედიაში გამოჩნდენენ ისეთი პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მხრიდან მუქარასა და დაშინებაზე საუბრობენ. მათ შორის არის ამერიკაში მოღვაწე ბათუმელი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე, რომელმაც “ფორმულას განუცხადა, რომ 5 წლის წინ ბერა ივანიშვილი დაემუქრა, რადგან ის სოციალურ ქსელში ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკრიტიკა.
ამასთან, მსგავსი მუქარის შესახებ “ტვ პირველთან” ოპერის მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმაც ისაუბრა.