ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მსხვერპლია ეს ბიჭი… სიმართლე გითხრათ, შემეცოდა!” – რას წერს ვახო სანაია ბერა ივანიშვილზე

” მე ვიტყოდი, მსხვერპლია ეს ბიჭი. და მსხვერპლი ყველაზე ხშირად ძალადობს. სიმართლე გითხრათ, შემეცოდა,” – ამის შესახებ ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს.

სანაია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ვრცელ პოსტს ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით აქვეყნებს, სადაც მის კარჩაკეტილ ცხოვრებაზე და შემდგომ კომფორტის ზონიდან გამოსვლაზე ამახვილებს ყურადღებას.

“ბიძინა ივანიშვილი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. ცხადია, სოციუმი ვიწრო იყო. ამ სოციუმში იზრდებოდა ბერაც. ყველა მისი სურვილი უსიტყვოდ სრულდებოდა. ოჯახის წევრები, უსაფრთხოების სამსახური, წრე რომელთანაც შეხება ჰქონდა, თავიდან ბოლომდე გადამოწმებული. არანაირი თავისუფალი ურთიერთობები, არანაირი დამოუკიდებელი ცხოვრებისეული გამოცდილება. აკი თავადაც ამბობდა ბერა ინტერვიუში, მამაჩემს ყველა ისე ესაუბრება, როგორც ძველ დროში დიდებულ მეფეებსო. ამას უყურებდა მთელი ცხოვრება. რა იყო კომპრომისი ან სირთულეები, ბავშვმა, როგორც ცანს, არ იცოდა. ამის შემდეგ ბიძინა გამოვიდა კომფორტის ზონიდან და აღმოჩნდა პოლიტიკაში. გახდა ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი. ბერას სოციუმი გაფართოვდა.

ყოველ შემთხვევაში სოციალურ ქსელში. და რასაც ვერ აიტანდა იმ ჩაკეტილ წრეში – წინააღმდეგობას, პროტესტს, დაუმორჩილებლობას, ვერ აიტანა ვერც ახალ რეალობაში – ანუ სასახლის გალავანს მიღმა. ამიტომ ამბობს ნახევარ საქართველოს ეს ზუმერი უნდა ეყენოსო. ამიტომ ამბობს, როგორ გატისკავენ იმ ბავშვს თავად მეზობლები, როცა გაიგებენ, რომ ივანიშვილი აუგად მოიხსენიაო. მას ჰგონია, რომ თვითონ კი არ გამოვიდა გარეთ, არამედ საქართველო მოექცა სასახლის გალავანს შიგნით. მამული გაფართოვდა, მაგრამ ხასიათი და თამაშის წესები იგივე დარჩა. როცა საჯარო პირი არ იყო და სასახლის ეზოში რამე დასჭირდებოდა, ვის მიმართავდა დასახმარებლად ? ღარიბაშვილს, ჩუბინიძეს, გომელაურს.

იგივე გაგრძელდა მერეც. მოთმენა, წყენის ატანა – ასეთი რამეები მისთვის უცხოა. მე ვიტყოდი, მსხვერპლია ეს ბიჭი. და მსხვერპლი ყველაზე ხშირად ძალადობს. სიმართლე გითხრათ, შემეცოდა. და ერთი მხრივ, ბიძინას უნდა ეზრუნა ოჯახის, მათ შორის ბერას უსაფრთხოებაზე, რამაც მისი საურთიერთო წრე უკიდურესად შეკუმშა, მეორე მხრივ, ეს შედეგი მიიღო. ესაა ჩემი პიროვნული დამოკიდებულება.

თუმცა ეს სულაც არ ეხება სამართლებრივ მხარეს. სამართლებრივად ეს ამბავი ბოლომდე უნდა მივიდეს, რადგან იკვეთება სერიოზული დანაშაულის ნიშნები ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის შვილისა და მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით”, – წერს ჟურნალისტი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.

ინფორმაციისთვის, ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მედიაში გამოჩნდენენ ისეთი პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მხრიდან მუქარასა და დაშინებაზე საუბრობენ. მათ შორის არის ამერიკაში მოღვაწე ბათუმელი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე, რომელმაც “ფორმულას განუცხადა, რომ 5 წლის წინ ბერა ივანიშვილი დაემუქრა, რადგან ის სოციალურ ქსელში ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკქრიტიკა.

ამასთან, მსგავსი მუქარის შესახებ “ტვ პირველთან” ოპერის მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმაც ისაუბრა.

იტვირთბა....