რეჟისორი, გოგა ხაინდრავა “ქრონიკის” ეთერში გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების საკითხს გამოეხმაურა.
როგორც ხაინდრავა აღნიშნავს, სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე დიდი სიმბოლო რესპუბლიკის მოედანზე მდგომი ველოსიპედია, რომელიც არსად მიდის და ზუსტად ასე დგანან ისინიც.
„ცდილობენ, რომ ეს ქვეყანაც ადგილზე იყოს, მათი სიმბოლო ეს არის. ისინი არიან კრიმინალები, რისი მოწმეც ვიყავი და ამიტომ მოხდა ჩვენს შორის დაპირისპირება“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
ასევე, რეჟისორის განმარტებით, 2012 წელს ფარული ჩანაწერების განადგურება ჰუმანური აქტი უფრო იყო, რადგან ამის სრულიად განადგურება შეუძლებელი იყო.
„ვერაფერს ვერ იზამ. წარმოიდგინეთ, ვანო მერაბიშვილი ისე წავიდა თავისი კაბინეტიდან რომ ეს ფირები დარჩა და დაავიწყდა?! არა, მან დატოვა და ყველას უთხრა, ხედავთ, რა დევს აქ, ეს ყველაფერი მე მაქვს, მიშას აქვს სადღაც“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.