ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის მერი ბრალდებებს პასუხობს

დღეს დავით ნარმანიამ ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორის, ნინო გოცაძის ბრალდებებზე კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ნინო გოცაძე მერიის მაღალჩინოსნებს ზეწოლაში ადანაშაულებს, ასევე მისი ვარაუდით, ქალაქის მთავრობა ბოტანიკური ბაღის ტურისტულ ზონად განვითარებას გეგმავს, რაც სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე დაცულ ტერიტორიას საფრთხეს შეუქმნის (ვრცელი წინაისტორია იხილეთ აქ)

„არავითარი მსგავსი რამ, რაზეც დეზინფორმაცია ვრცელდება, არ იგეგმებოდა, ბოტანიკური ბაღი თავისი დატვირთვით და დანიშნულებით კიდევ უფრო მეტად განვითარდება,“ – განმარტა დავით ნარმანიამ.

ბოტანიკური ბაღის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებებს გამოეხმაურა თბილისის მერის მოადგილეც. ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ ნინო გოცაძემ თავად დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ.

„ჩვენ გვქონდა საუბარი იმ ხარვეზები შესახებ, რომელიც ბოტანიკურ ბაღში ახლდა მის მუშაობას და ვფიქრობთ, რომ ბოტანიკური ბაღი იმსახურებს უფრო მეტს, ვიდრე ის დღეს არის. ამისათვის მნიშვნელოვანია იქ ახალი მენეჯმენტის არსებობა – ამბობს ირაკლი ლექვინაძე – ახალი მენეჯმენტის წინაშე დგას ორი მთავარი ამოცანა – ბოტანიკური ბაღი უნდა იყოს ბევრად უფრო მოვლილი, უნდა მოხდეს სამეცნიერო პოტენციალის კიდევ უფრო მეტად გამოყენება, ასევე, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის ის უნდა იყოს უფრო მიმზიდველი და პოპულარული ადგილი. ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს იგეგმება რაიმე ინფრასტრუქტურული პროექტები და გასართობი ცენტრები, ეს აბსოლუტური სიცრუეა,“

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ლექვინაძის მიერ ნახსენები ინფრასტრუქტურული პროექტები და გასართობი ცენტრები გუშინდელ პრესკონფერენციაზე ბოტანიკური ბაღის ყოფილ დირექტორს, ნინო გოცაძეს საერთოდ არ უხსენებია. მან მხოლოდ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის მოადგილესთან, ნუგზარ კახნიაურთან თავისი საუბრის შინაარსი უამბო ჟურნალისტებს, სადაც ინფრასტრუქტურული ნახსენები არ ყოფილა – ნინო გოცაძის თქმით, კახნიაურმა ჰამაკები, ფარშავანგები და შვლები ახსენა, რომლებიც ბოტანიკურ ბაღში უნდა გაუშვან. ასე რომ, მერიის კომენტარი, რომელშიც ინფრასტრუქტურული პროექტები და გასართობი ცენტრებია ნახსენები, ცოტა არ იყოს არაადეკვატურად გამოიყურება.

იტვირთბა....