ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები და კონგრესმენები საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ერთობლივ განცხადებაში სენატორი ჯიმ რიში, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები, ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი წერენ, რომ ენმ-ის ოფისში შეჭრა და მოქალაქეების დაკავება ფუნდამენტურად შემაშფოთებელია.
სენატორები საქართველოს ხელისუფლებას “პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ” მოუწოდებენ.
“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, შეჭრილიყო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მთავარ ოფისში მისი ლიდერი ნიკა მელიას და სხვა ათობით აქტივისტის დასაკავებლად, ფუნდამენტურად შემაშფოთებელია. საქართველოს სამართალდამცავი ძალების და სასამართლოს კორუმპირებული გამოყენება პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების აღსასრულებლად, საფრთხეს უქმნის იმას, რაც საქართველოს დარჩა დემოკრატიისგან და ევრო-ატლანტიკური გზისგან.
მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ, მათ შორის, ბატონი მელიასა და გიორგი რურუასი. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოში პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს და მოილაპარაკოს კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 23 თებერვალს, გამთენიისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს 21 პირი დააკავეს.