ახალი ამბები მთავარი სამართალი

შინაგან საქმეშა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ენმ-ის ლიდერის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, შსს-მ სასამართლოს 17 თებერვლის განაჩენი აღასრულა და პარტიის ლიდერი დააკავა.

ამასთან, განცხადების თანახმად, მოვალეობის აღსრულებისას პოლიციამ გამოიყენა იძულების, კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

“თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 17 თებერვალს ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა – ნიკანორ მელია დაკავებულია.

სამართალდამცველებმა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები გააფრთხილეს, ხელი არ შეეშალათ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში და ამისთვის გონივრული ვადა მისცეს მათ.

სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პარტიის ოფისთან შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა.

შესაბამისად, სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას პოლიციამ გამოიყენა იძულების, კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები,”- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ  მოსამართლემ ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პარტიის ლიდერს პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

თუმცა, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ საკითხზე არსებული დაპირისპირების გამო თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ ნიკა მელიას დასაპატიმრებლად საჭირო ღონისძიებები დროებით შეაჩერა.

ხოლო, 23 თებერვლის გამთენიისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ოპოზიცია დღეს მთვარობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავს.

 

იტვირთბა....