პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის კანცხადებით, კანონის წინაშე ყველაზე თანასწორია, ამიტომ ენმ-ის თავმჯდომარეს კანონს წინაშე პასუხისგება მოუწევს.
როგორც ღარიბაშვილმა პარლამენტსი განაცხადა, ყველა ეს ადამიანი თუ ორგანიზაცია, რომელიც გასულია კონსტიტუციური წესრიგიდან და ჩარჩოებიდან, მათ მოუწევთ ამ ჩარჩოებში დაბრუნება.
„თუ ისინი ღიად აცხადებენ, რომ ასეთი პარტია არის კრიმინალების თავშესაფარი და ტერორისტების თავშესაფარი, მაშინ ესეც ჩვენი პროკურატურისთვის მორიგი აღიარებაა. ასე რომ, ჩემი პასუხი მარტივია, კანონი უნდა აღსრულდეს, ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და ყველა ეს ადამიანი თუ ორგანიზაცია, რომელიც გასულია კონსტიტუციური წესრიგიდან და ჩარჩოებიდან, მათ მოუწევთ ამ ჩარჩოებში დაბრუნება. ამის გარანტიას ვიძლევი!
ოპოზიციასთან მოლაპარაკება და დიალოგი აუცილებელია, მაგრამ არა ამ კრიმინალებთან, დესტრუქციულ ცხელ თავებთან, რომელთაც ჩვენი ქვეყნის დანგრევა სურთ. კიდევ ვიმეორებ, რომ ბატონი მელია, ნებისმიერი, ამ შემთხვევაში გვარს არ აქვს მნიშვნელობა, სადაც არ უნდა იმალებოდეს, ვერ დაემალება მართლმსაჯულებას, კანონი უნდა აღსრულდეს! კანონი აღსრულდება როგორც წესია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ადამიანებს, რომ დაბრუნდნენ კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებში. მათ ამის გაკეთება მოუწევთ ძალიან მალე!“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ამ ქვეყანაში ალიბი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის ფორმალური თავმჯდომარეობა.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლემ ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პარტიის ლიდერს პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.
თუმცა, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ საკითხზე არსებული დაპირისპირების გამო თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ ნიკა მელიას დასაპატიმრებლად საჭირო ღონისძიებები დროებით შეაჩერა.