ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ, გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება.
როგორც დეკანოზის ძმა აცხადებს, გოგაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება ირიბად ადასტურებს, რომ გიორგი მამალაძე უდანაშაულოა და ის ციხეში არ უნდა იჯდეს. ამასთან, მისივე განცხადებით, გოგაშვილი უბრალოდ თავის ვერსიებშია არეული, ის შეშინებულია და თავის გადარჩენას ცდილობს.
“ხან იძახდა რომ პროვოკაცია უნდა მოეწყო ჩემს ძმას და ციანიდი უნდა მოეყარა და შორენა თეთრუაშვილს უნდა შეეტანა საჭმელიო. ხან სხვა ვერსიებს ამბობდა, ხან პატრიარქზე მიანიშნებდა. აქედან გამომდინარე ეს ადამიანი არის არეული თავის ვერსიებში. ისიც დაადასტურა, რომ ციანიდის ამოღების კადრები და ვისგან შეისყიდა არ არსებობსო..”- ამბობს თორნიკე მამალაძე “ტვ პირველთან”.
შეგახსენბთ, რომ გუშინ, “ნოდარ მელაძის შაბათში” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვოლმა ე.წ. ციანიდის საქმეზე ისაუბრა. როგორც ის ინტერვიუში ჰყვება დეკანოზ, გიორგი მამალაძესა და პატრიარქის დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს, სოსო ოხანაშვილს ილია მეორის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი “სამიზნედ ჰყავდათ”.
ამასთან, სოსო გოგაშვილის ვერსიით, მათ შორენა თეთრუაშვილის ციხეში გაშვება “პატრიარქის მკვლელის იარლიყით” სურდათ, ამისთვის კი, მისივე თქმით, პატრიარქისთვის განკუთვნილ საჭმელზე, რომელიც მისთვის თეთრუაშვილს უნდა შეეტანა, ციანიდის მოყრა გადაწყვიტეს.
ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხეში შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის ზის. თუმცა, 2017 წელს, როცა დეკანოზი მამალაძე დააკავეს, პროკურატურა ამბობდა, რომ ის მაღალი იერარქის მკვლელობას გეგმავდა. არსებობდა აზრი, რომ პირი, ვის ციანიდით მოწამვლასაც დეკანოზი მამალაძე გეგმავდა, პატრიარქი იყო. თუმცა, პროკურატურამ რამდენიმე დღეში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი.