მას შემდეგ, რაც პოლიციამ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით 23 წლის მამაკაცი დააკავა, გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.
არასწრულწლოვანი გოგონა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთის მკვიდრია და ის გვიან ღამით გარდაცვლილი ნახეს. ამის შესახებ ინფორმაციას “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 14 წლის გოგო, რომელიც ორი თვის უკან გააუპატიურეს, ქობულეთში გარდაცვლილი იპოვეს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ გოგონასთან ჰქონდა სექსუალური კავშირი 23 წლის ნ.ტ.-ს, რომელიც პოლიციამ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” არაოფიციალურად დაუდასტურეს რომ საქმე ერთი და იგივე გოგოს ეხება, თუმცა გაუპატიურების ბრალდებას არ ადასტურებენ.
არსებული ინფორმაციით, გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც ოჯახმა მისი სექსუალური კავშირის შესახებ შეიტყო, უსაყვედურეს და პოლიციაში წაიყვანეს.
არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით დაკავებული 23 წლის მამაკაცის ადვოკატი აცხადებს, რომ გოგონა ოჯახის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო, რამაც შესაძლოა ის სუიციდამდე მიიყვანა.
შსს-ში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ავტორი: თათია შაიშმელაშვილი