ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები, ტიტუს კორლეანი და კლოდ კერნი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისთვის პატიმრობას შეფარდებას ეხმიანებიან და ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ.
ევროპარლამენტარები ცხინვალის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტლებას უკანონოს უწოდებენ და მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გათავისუგლდეს ზაზა გახელაძე.
“ეს არის უკანონო სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენი. მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს ბატონი გახელაძე. ამ თვალსაზრისით, გვინდა, ხაზი გავუსვათ რუსეთის პასუხისმგებლობას, რომლის დაქვემდებარებაშიც არის საქართველოს რეგიონი, ე.წ. სამხრეთ ოსეთი. ამას ადგენს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილება”, – ნათქვამია განცხადებაში.
თანამომხსენებლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საპარლამენტო ასამბლეის სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).
ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა საქართველოს უსაფრთხოების სამსახური, ხოლო მოძრაობა “სირცხვილია” გახელაძის საქმის მიმართ უყურადღებობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავს.