საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ეხო -კავკაზა“ ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ მიიღო.
გამოცემის ინფორმაციით, გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).
ბრალდების მხარე 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
შეგახსენებთ, ზაზა გახელაძე 6 თვის წინ, 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა.