საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის მისჯას ეხმაურება და გახელაძესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გმობს.
საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთი მაგალითია რუსეთის მცდელობებისა, უკანონოდ გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს რეგიონები: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი”.
როგორც დიპლომატიური უწყების განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ქმედებები საქართველოს ამ ტერიტორიაზე და მის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
“ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბატონი გახელაძის დაჭრისა და დაკავების რუსეთის მიერ განხორციელებული საშიში ქმედებები არ მოხდებოდა, რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად ნაკისრი ვალდებულებები რომ შეესრულებინა, რაც მისი ძალების კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე გაყვანას ითვალისწინებს.
რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება – გაიყვანოს ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომა.
ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ ბატონ გახელაძესა და მის ოჯახს, ასევე, ყველა ოჯახს, რომელსაც რუსეთის მჩაგვრელი ოკუპაციის გაძლება უწევს”, – წერია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).