ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საოკუპაციო, ბოროტი რეჟიმი ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო წინა ხელისუფლებისგან” – მდინარაძე ზაზა გახელაძეზე საუბრისას

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძე ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძისთვის ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ პატიმრობის მისჯას ეხმიანება.

მდინარაძის განცხადებით,  საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს უკანონოდ დაპატიმრებული თანამოქალაქეების გასათავისუფლებლად.

თუმცა, მდინარაძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას ხელს უშლის “საოკუპაციო, ბოროტი რეჟიმი”, რომელიც “ქართულ ოცნებასა” მემკვიდრეობით ერგო წინა ხელისუფლებისგან.

“ხშირია ოკუპანტის თავაშვებული ქმედება საოკუპაციო ხაზს იქეთ, რასაც უკანონო პატიმრობა და ადამიანის უფლებათა დარღვევა მოსდევს ხოლმე, და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ასეთ შემთხვევებში, თუმცა ეს ხშირ შემთხვევაში ძნელია იმ საოკუპაციო, ბოროტი რეჟიმის გამო, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით გვხვდა წინა ხელისუფლებისგან. ამას არასდროს გამოვტოვებ, იმიტომ, რომ იქ იყო გაუგონარი დანაშაული, ასევე წინა ხელისუფლების მხრიდან, როცა ისინი მხარს უჭერდნენ რუსულ ნარატივს, თითქოს საქართველომ დაიწყო სამხედრო შეიარაღებული თავდასხმა და დაბომბვა ცხინვალის,” – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა საქართველოს უსაფრთხოების სამსახური, ხოლო მოძრაობა “სირცხვილია” გახელაძის საქმის მიმართ უყურადღებობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავს.

იტვირთბა....