ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი “2008 წლის ომის” საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება მკაფიოდ აკისრებს პასუხისმგებლობას რუსეთს.
ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სათანადო შესრულება უზრუნველყოს.
“2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაქვეყნა ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის სარჩელზე 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებული კონფლიქტის და მისი შედეგების შესახებ. გადაწყვეტილებაში მოცემულია მკაფიო დასკვნა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელებისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლი დაარღვია. სამართლიანობის მიღწევა და პასუხისმგებლობა კონფლიქტის მოგვარების მნიშვნელოვანი ნაწილია და ევროკავშირი რუსეთის ფედერაციას ამ გადაწყვეტილების სათანადო შესრულების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.
ევროკავშირი სრულ მზაობას გამოხატავს, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარებას, რისთვისაც ასევე საჭიროა ძალისხმევა წარსული კონფლიქტების მემკვიდრეობის აღმოსაფხვრელად, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარეობის, სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევისა და ადგილზე გადამწყვეტი როლის მქონე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით.
ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ევროსასამართლომ უკვე გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა.
სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი ტერიტორიაზე და შესაბამისად, ყველა დარღვევა რაც მოხდა მას შეერაცხება.