ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ამ გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა ქართველების ეთნიკური წმენდა განახორციელა”- იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის სამინისტრო 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ამ გდაწყვეტილებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.

“სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.

სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.

სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის.

სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისათვის და სხვა არაერთი დარღვევისათვის.

ეს ისტორიული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსათვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი ტერიტორიაზე და შესაბამისად, ყველა დარღვევა რაც მოხდა მას შეერაცხება.

სარჩელი საქართველოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა და სასამართლომ ნაწილობრივ დასაშვებად 2011 წლის 13 დეკემბერს ცნო. 2012 წლის 3 აპრილს სასამართლოს პალატამ საქმის განხილვის იურისდიქცია დაუთმო დიდ პალატას.

სასამართლომ მტკიცებულებები მოისმინა მოწმეებისა და ექსპერტებისგან 2016 წლის 6-დან 17 ივნისამდე პერიოდში გამართულ მოსმენებზე. საქმეზე ზეპირი მოსმენა 2018 წლის 23 მაისს გაიმართა.

იტვირთბა....