პარტია “ლელო საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ერთიანობას არაფერი ემუქრება. ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც ჯაფარიძემ ღნიშნა, ოპოზიციის უმრავლესი ნაწილის მოსაზრებები პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით არ შეცვლილა.
ჯაფარიძე პარტია “გირჩის” წევრების დამოკიდებულებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ისინი პარლამენტში არ შედიან.
“არის ერთი პარტია, რომელსაც თავისი გზა აქვს და ვართ ჩვენ. ჩვენ ვსაუბრობთ 54 ოპოზიციონერზე (51+3 ოპოზიციონერი დეპუტატი), რომელთა მოსაზრებები არ შეცვლილა. „გირჩის“ წევრებს აქვთ მოსაზრება, იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება არსებობდეს სხვა ტიპის, განსხვავებული მოდელი. მათ აქვთ ამის ლეგიტიმური უფლება, ჰქონდეთ ეს მოდელი, მაგრამ მთავარია, ისინი არ მოიაზრებენ პარლამენტში შესვლას, თუ არ იქნება პოლიტიკური შეთანხმება“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მიერ გაკეთებული განცხადებებით საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ ოპოზიციის ერთიანობას საფრთე ემუქრება.
ამასთან, 19 იანვარს, პარტია “მოქალაქეების” ლიდერს, ალეკო ელისაშვილსა და “ლელოს” დამფუძნებელ, მამუკა ხაზარაძეს შორის “ღამის კურიერის” ეთერში დაპირისპირება მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის ერთიან ფორმატში მიმდინარე შეხვედრის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა.