პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე “ღამის კურიერში” ოპოზიციონერ ლიდერებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანება.
ჯაფარიძე ჟურნალისტებთან ოპოზიციის ერთი ჯგუფის ინიციატივაზე საუბრობს, რაც, მისი თქმით, მოლაპარაკებების დროს ერთ-ერთი საკამათო საკითხი გახდა.
ამასთან, როგორც ჯაფარიძე ამბობს, დახურული მოლაპარაკებების დროს ალეკო ელისაშვილის პოლიციას იზიარებდნენ პარტია, „ლეიბორისტები“ და „პატრიოტთა ალიანსი“.
„მე დავინახე, რომ ამ საკითხის შეთანხმება ოპოზიციის შიგნითაც შეუძლებელი იყო. მეტიც, მოლაპარაკებების მაგიდაზე ეს იყო მთავარი კამათის თემა ჩემსა და კობახიძეს შორის. ანუ, ამაზეც არ მოდის – ადგილობრივი არჩევნები [ჩატარდეს] სრულად პროპორციული წესით, ბარიერის გარეშე. უნდათ იმდენი მაჟორიტარის დატოვება, რომ მაინც შეძლონ საკრებულოს ხელში აღება.
მოლაპარაკებების მაგიდაზეც ჩანდა, რომ ელისაშვილის პარტიის პოზიცია ეს იყო [ადგილობრივ არჩევნებზე მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება] და ამ პოზიციას იზიარებდნენ, ბარემ გეტყვით, რაღა დასამალია – „ლეიბორისტები“ და „პატრიოტთა ალიანსი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მიერ გაკეთებული განცხადებებით საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ ოპოზიციის ერთიანობას საფრთე ემუქრება.
ამასთან, 19 იანვარს, პარტია “მოქალაქეების” ლიდერს, ალეკო ელისაშვილსა და “ლელოს” დამფუძნებელ, მამუკა ხაზარაძეს შორის “ღამის კურიერის” ეთერში დაპირისპირება მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის ერთიან ფორმატში მიმდინარე შეხვედრის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა.