“ალეკო ელისაშვილს შესვლა თუ უნდა – შევიდეს, ნუ ოცნებობს მაინცდამაინც კოლექტიურ შესვლაზე, თუ უნდა შესვლა, შევიდეს და ატაროს ეს ტვირთი. მას ხომ მიაჩნია, რომ მართალია? კი ბატონო, მიიღოს ეს გადაწყვეტილება. სხვა პარტიებს სხვა ტაქტიკა და სტრატეგია აქვთ, შეიძლება მცდარი, მაგრამ გაანებოს თავი. სხვებმაც გაანებონ ალეკო ელისაშვილთან სტუდიებში ჯდომას თავი და პოლემიკას. ამით ხომ ხელისუფლების საქმეს აკეთებენ? ოპოზიცია როცა ამას ვერ ხვდება, რა კომენტარი უნდა გავაკეთო?”
გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი
აღნიშნულით გია ხუხაშვილი “ინტერპრესნიუსთან” ალეკო ელისაშვილისა და მამუკა ხაზარაძის დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.
ხუხაშვილის მოსაზრებით, ალეკო ელისაშვილმა ყველა წითელი ხაზი გადალახა, პირველ რიგში, ადამიანური.
შეგახსენებთ, 19 იანვარს, პარტია “მოქალაქეების” ლიდერს, ალეკო ელისაშვილსა და “ლელოს” დამფუძნებელ, მამუკა ხაზარაძეს შორის “ღამის კურიერის” ეთერში დაპირისპირება მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის ერთიან ფორმატში მიმდინარე შეხვედრის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა.