პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაკავებას ჟურნალისტებთან ეხმიანება.
ვოლსკი ნავალნის ადრინდელ განცხადებებს იხსენებს, სადაც რუსი პოლიტიკოსი საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციაზე საუბრობს.
ნავალნის დაკავების ფაქტის შეფასებისას, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ „ოპოზიციონერს მიხეილ სააკაშვილის ხელწერით არ უნდა მოეპყრა – არ უნდა ჩაახშო, წელს ქვემოთ მოწყვიტო და მერე ამის თაობაზე ნიანგის ცრემლები დაღვარო”.
„როგორც მახსოვს, ალექსეი ნავალნიმ საკმაოდ მძიმე განცხადებები გააკეთა საქართველოს მიმართ მას შემდეგ, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოში შემოიჭრა. იგივე იყო უკრაინის, ყირიმის მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციონერს ასე არ უნდა სდევდე, სასიკვდილოდ არ უნდა იმეტებდე, რაც სააკაშვილის ხელწერისთვის იყო დამახასიათებელი, მაგრამ რეალობაში, ნავალნი ის პიროვნება არ არის, ვინც თავისი პოლიტიკური პოზიციით საქართველოსთვის რაიმე პოზიტივს გამოხატავდა – პირიქით”, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.
შეგახენებთ, 17 იანვარს გერმანიიდან რუსეთში ჩასული რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს. პოლიტიკოსთან ერთად იმყოფებოდა მისი ადვოკატიც, თუმცა სამართალდამცველებმა უფლებადამცველს არ მისცეს იმის უფლება, რომ ნავალნის გაყოლოდა. პოლიტიკოსი ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს.
სასამართლომ, რომლის პროცესიც პოლიციის განყოფილებაში გაიმართა, რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.