ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში „ტოცილიზუმაბთან“ რამდენიმე ავადმყოფს უმკურნალეს.
ამასთან, როგორც ცერცვაძე განმარტავს, კოვიდინფიცირებულ პაციენტებში „ტოცილიზუმაბის“ გამოყენება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი დამძიმდება.
„რამდენიმე ავადმყოფებზე ძალიან წარმატებით გვაქვს გამოყენებული. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო 83 წლის ავადმყოფთან, რომელსაც მაისში ჩაუტარდა მკურნალობა. ეს იყო ფაქტობრივად სასიკვდილოდ განწირული პაციენტი, რომელზეც არანაირი სხვა სამკურნალო საშუალება არ მოქმედებდა და ამ მკურნალობის შედეგად გადარჩა.
ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო იმის გაგება, რომ მეთოდი, რომელსაც ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვიყენებთ და რომელსაც ყველა არ აღიარებდა და პირიქით, ზოგიერთი გვაკრიტიკებდა ამ მეთოდის გამოყენების გამო, დადასტურდა. ახლა დიდი ალბათობით, FDA მას მისცემს რეკომენდაციას ფართო გამოყენებისთვის.
„კოვიდ-19“-ის მიმდინარეობაში გამოყოფენ ორ ფაზას: ვირუსულს, რომელიც 10 დღეს გრძელდება და იმუნურ ფაზას, რომელიც 10 დღის შემდეგ დგება. სწორედ იმუნური ფაზის დროს არის ეფექტური ეს „ტოცილიზუმაბი“, როდესაც პაციენტს უვითარდება არა ვირუსული ფილტვების ანთება და არა ვირუსული ინფექცია ადრეულ სტადიაზე, არამედ მოგვიანებით სტადიაზე, როდესაც ვირუსული ფაზა ჩამთავრებულია და პაციენტს აქვს გამოხატული იმუნური ფაზა, რომელიც უფრო ხშირად იწვევს სასიკვდილო გამოსავალს, ვიდრე ვირუსული ფაზა. „ტოცილიზუმაბი“ უნდა მიეცეს სწორედ 10 დღის შემდეგ, დამძიმების შემთხვევაში. ეფექტიანია კრიტიკულად მძიმე ავადმყოფებში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.