„საქართველოში ეპიდემია დაიწყო თებერვლის ბოლოს და დღემდე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
როგორც იმნაძემ აღნიშნა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს.
„მათი პროტოკოლი დიდი ხანია შემუშავებულია. საქართველოში ეპიდემია დაიწყო თებერვლის ბოლოს და დღემდე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აბსოლუტური არ არსებობს არაფერი. სამწუხაროდ, არც PCR ტესტია აბსოლუტური. ყველა იტესტებოდა, ვინც შედიოდა, აუცილებელი მოთხოვნა იყო კარანტინი. სამწუხაროდ, შესაძლებელია ეს მომხდარიყო, ამიტომ ახლა ტარდება შესაბამისი ინტენსიური კვლევები“, – განაცხადა იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
ცნობისთვის, ქსნის დაწესებულებაში მყოფი ერთი პატიმარი კორონავირუსით გარდაიცვალა. პატიმარი სიმპტომების აღმოჩენისთანავე სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ , მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.