ვერელი თორაძეების ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრი, თამარ თორაძე სოციალური ქსელის საშუალებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
თამარ თორაძე ოჯახის ჩაცხრილული წევრის გამო სამართლიანობის აღდგენისთვის დღემდე იბრძვის. ხოლო მის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ის პატიებას თავის გარდაცვლილ ძმას სთხოვს, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ.
„სიკვდილის წინ რას ვიტყოდი რას ფიქრობ, პაატ?
არასდროს ვპატიობ ჩემს თავს, რომ ვერ გადაგმალე კაციჭამია „ბოროტებისგან“ – რურუებისგან, გიორგი რამიშვილი ზარალასგან და ლერი სულაბერიძესგან!!
რა შეგვეძლო 13 წლის მე და 15 წლის შენ? როცა გია ყარყარაშვილმაც ჩაისვარა შიშისგან? და ბევრმა ქართველმა!
მე და შენ თუ გვეშინოდა, არ მგონია დიდი ცოდვა! თუმცა, ეგეც მეცოდვილება და თავს დამნაშავედ ვგრძნობ, თუმცა აქამდეც ძვლივს მოვიტანე ჩვენი ოჯახის ამბავი პაატ!
არ იყო ნაწყენი ჩემზე, რომ მეშინოდა და ვერაფერი შევძელი… გპირდები აღარასდროს შემეშინდება!
აღარასდროს ვიქნები ის დაბნეული პატარა გოგო, რომელიც უყურებდა თავისზე პატარა ოჯახის წევრებს და არ იცოდა, რა ეთქვა, რით ენუგეშა პატარა 6 წლის და, რომელიც განწირული ტიროდა!
საშინელი სიზმრები არ აძინებდა! შვებიდან, რომ გვარჩევდნენ ვინ საშიში იყო მომავალში!
მათ ჩადენილ მკვლელობებზე ვინ მოთხოვდა პასუხს!
ოხ, როგორ გვიღალატა ყველამ? როგორ არ გჯეროდა, რომ ეგ გურულოც მაგათი შემოგდებული იყო. იმდენად სუფთა სულის იყავი ყოველთვის, რომ არასდროს გჯეროდა ადამიანების ცუდის!
რომელი ერთი გავიხსენო? მარტოდმარტო მონასტერში გაქცეული რურუას და ზარალას სახეები, რომ მედგა წინ, თუ ლერი სულაბერიძის ხელიდან რომ გამოვგლიჯე შენი თავი?
ნეტა მაშინვე მოეკალი მაგ არა ადამიანებს, რომ შენი საფლავი მაინც არ მედოს გულზე დარდად..
არაუშავს, პაატ, სიკვდილის წინაც და სიცოცხლის წინაც ამას გეტყოდი და გეტყვი :
ჩვენ სიკეთე ვართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ მილიანერ ბოროტებზე!!
როგორც უნდა იმართლონ თავები, მაინც ვერ ვაპატიებ ვერცერთ წამს მარტოდ გატარებულს და ვერცერთ წვეთ ცრემლს!!
არც იმ ავტომატების ბუღმა დაფარა მკვლელების სახეები და ვერც 29 წელი ვერ გადაფარავს და ვერც „ზარალას“ მილიონები გაწმინდს ამხელა სისხლის გუბეს!
დაგპირდი, პაატ და ვაგრძელებ პირობას!! მაპატიე, დრო, რომელიც ღმერთისაა და არა ჩემი!”, – წერს თამარ თორაძე.
ინფორმაციისთვის, თორაძეების ოჯახის შემზარავი ტრაგედია თბილისში 1992 წლის 3 მარტს დატრიალდა, თუმცა, წლების განმავლობაში ვერის სასაფლაოსთან ამოწყვეტილი ოჯახის შესახებ საუბარს ყველა გაურბოდა. თორაძეები ვერაზე, სევასტოპოლის ქუჩაზე ცხოვრობდნენ. მშობლებს 10 შვილი ჰყავდათ, ხუთი ვაჟი და ხუთი გოგონა. ბიჭები უბანში გავლენით სარგებლობდნენ და როგორც ამბობენ, “მხედრიონს” დაუპირისპირდნენ – თორაძეებმა უარი თქვეს.
იმ კანონებზე, რომლითაც “მხედრიონი” კრიმინალურ სამყაროში დამკვიდრებას ცდილობდა. ითქვა ისიც, რომ თორაძეებისა და “მხედრიონის” დაზავებას “კანონიერი” ქურდი” პაატა ჩლაიძე ცდილობდა, თუმცა, უშედეგოდ.
1992 წლის თებერვალში ძმებ თორაძეებს (ლაშას, კახასა და იმედოს) და მათ მეგობარს, ვინმე გელას, “მხედრიონმა” ნუცუბიძის პლატოზე ცეცხლი გაუხსნა. ძმები დაიჭრნენ, მათი მეგობარი კი დაიღუპა. 1992 წლის 3 მარტს, დედ-მამამ, ზაურ თორაძემ და იზო ქურხული-თორაძემ, ლაშა ექიმთან ჭრილობის გადასახვევად წაიყვანეს. თორაძეები ექიმისგან შინ კუთვნილი თეთრი “ვაზ 21-07” მარკის ავტომანქანით ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ვერის სასაფლაოსთან თორაძეების ოჯახის სამივე წევრი ჩაცხრილეს. ამის შემდეგ შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა თორაძეების სახლს ალყა შემოარტყეს.
ოჯახში დარჩენილ მამაკაცებს მეზობელთან მიაგნეს, სადაც ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ ავტომატის ჯერით დაცხრილეს იმედო და კახა თორაძეები. ამ სასტიკ მკვლელობას სხვებთან ერთად შეესწრო თორაძეების მცირეწლოვანი და თამუნა, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ტრაგედიის დღეს თორაძეების უფროსი შვილი, ზაზა თორაძე, შინ არ იმყოფებოდა. იგი დილით გავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარავის უნახავს. ორი წლის შემდეგ კი 17 წლის პაატა თორაძეც გაუჩინარდა.